skip to content
ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტის გადადების გამო სინანულს გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სინანულს გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსკოვში წინასწარ შეთანხმებული ვიზიტის რუსული მხარის მოთხოვნით გადატანის გამო.


21 თებერვალს რუსეთის ელჩმა საქართელოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ 26 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტის გადადება ორი ქვეყნის დაძაბული ურთიერთობების ფონზე “მცირე პაუზის“ საჭიროებას უკავშირდება.


“იმ დროს, როდესაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არც თუ საუკეთესო პერიოდია და არსებობს დიალოგის მწვავე მოთხოვნილება, როგორც კონფლიქტების დარეგულირების, ასევე ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, აუცილებელია მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების ჩატარების თითოეული შესაძლებლობის გამოყენება არსებული დაძაბულობის მოხსნის მიზნით. შესაბამისად, რუსეთის მხარის გადაწყვეტილება ვიზიტის გადატანის შესახებ, აბრკოლებს შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავლის ძიებას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს 21 თებერვლის განცხადებაში.


ამასთან, თბილისის აღშფოთებას იწვევს რუსეთის მაღალჩინოსანი სამხედროების განცხადებები, რომ შესაძლებელია გაიზარდოს ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების სამხედრო პოტენციალი.


რუსეთის სახმელეთო ჯარების მეთაურის მოადგილემ ვალერი ევნევიჩმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ სამშვიდობო ძალები იმოქმედებენ რუსეთის  პრეზიდენტის, პარლამენტის და თავდაცვის მინისტრის მიერ დასმული ამოცანების შესაბამისად, რაც “იმთავითვე გამორიცხავს ამ კონტინგენტის მიუკერძოებლობას მათზე დაკისრებული სამშვიდობო ფუნქციების განხორციელებისას“, – ნათქვამია თბილისის განცხადებაში.


“განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ მსგავსი გამონათქვამები გაისმის იმ ფონზე, როდესაც უშუალოდ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან, ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ტარდება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 58-ე არმიის წვრთნები, რომლის შემადგენლობაშიც შედის ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობოების ბატალიონი“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button