ახალი ამბები

შამბა: რუსი სამშვიდობოები მანდატის შესაბამისად მოქმედებენ

თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოები მანდატის შესაბამისად მოქმედებენ და “უზრუნველყოფენ სტაბილურობას“ რეგიონში.


“მათმა გაყვანამ, რასაც ქართული მხარე მოითხოვს, შეიძლება გაამწვავოს ვითარება, კვლავ დაგვაყენოს ომის ზღვარზე“, – განაცხადა “აფსნიპრესთან“ ინტერვიუში 15 თებერვალს სერგეი შამბამ.


მისი თქმით, თბილისი იმედოვნებს, რომ მის მაგივრად პრობლემებს სხვა მოაგვარებს.


“ასეთი იმედები თავის დროზე იყო დსთ-ზე [დსთ-ს ეგიდით სამშვიდობოების შესვლის დროს], ახლა კი ნატოზე… რუსი სამშვიდობოებისგან იმედგაცურების შემდეგ, ქართველებს სურთ ისინი შეცვალონ სხვა ძალებით, იმ იმედით, რომ ისინი დაიბრუნებენ აფხაზეთს“, – განაცხადა შამბამ.


დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ომის მუქარის შემთხვევაში, აფხაზეთი “ადეკვატურად და ეფექტურად“ იმოქმედებს, თუმცა აქვე დასძენს, რომ სოხუმს “არ სურს სიტუაციის გართულება“.    

Back to top button