ახალი ამბები

ბურჯანაძე კიევში მირონოვს შეხვდა

კიევში მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც დსთ–ს პარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას ესწრება, შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერალური საკრებულოს ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარესთან სერგეი მირონოვთან, სადაც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარება განიხილა.


შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს სერგეი მიროვოვმა განუცხადა, რომ ქართველმა კოლეგამ ინფორმაცია მიაწოდა სამშვიდობოებზე იმ დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელსაც, მისი თქმით, მომავალ კვირას მიიღებს საქართველოს პარლამენტი.


“მე განვუცხადე [მირონოვს], რომ ჩვენ მხად ვართ ახლავე ვთხოვოთ რუსეთის ელჩს საქართველოში ეწვიოს ცხინვალის რეგიონს, რათა რუსი პოლიტიკოსები დარწმუნდნენ, რომ ჩვენ იქ არ შეგვყავს დამატებითი სამხედრო კონტიგენტი, დამატებითი ტექნიკა. მე გადავცემ სერგეი მორონოვს ყველა ჩვენს კონკრეტულ პრეტენციებს სამშვიდობოებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრამდე სერგეი მირონოვი აცხადებდა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რის საფუძველზე გააკეთეს ქართველმა პარლამენტარებმა დასკვნა, რომ სამშვიდობოები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, როცა ცხინვალის რეგიონის „კონფლიქტის ზონას არცერთი ქართველი დეპუტატი არ სტუმრებია“.

მოსალოდნელია, რომ მთავრობის მიერ სამშვიდობოების საქმიანობის ნეგატიურად შეფასების საფუძველზე, პარლამენტი 15 თებერვალს მიიღებს გადაწყვეტილებას რუსი ცისფერჩაფხუტიანების მიერ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის დატოვებასთან დაკავშირებით.

Back to top button