
პოლიციამ რუსი ჟურნალისტები გაათავისუფლა
ქართველმა სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს რუსული ტელეკომპანია REN-TV-ის ჟურნალისტები, რომელთაც რამდენიმე საათი ზუგდიდის ადგილობრივ პოლიციაში გაატარეს, იტყობინებოდა რუსული და ქართული მედია 12 თებერვალს.
ტელეკომპანიის სამი ჟურნალისტი 11 თებერვალს საღამოს დააკავეს, როცა მდინარე ენგურზე მდებარე ხიდის მახლობლად ფილმს იღებდნენ.
ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ტელეკომპანიის ჟურნალისტებს აკრედიტაცია არ გააჩნდათ და ამიტომ მათ სთხოვეს, რომ თბილისში დაბრუნებულიყვნენ და შესაბამისი დოკუმენტებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიემართათ.
საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ტელეკომპანია REN-TV-ის ცნობით, ქართველმა სამართალდამცავებმა მოსთხოვეს ჟურნალისტებს გადაღებული ფილმის ნაწილი წაეშალათ.
ტელეკომპანიის ჟურნალისტები საქართველოში ცხრა დღის წინ ჩამოვიდნენ, რათა 1992-1993 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაეღოთ, განუცხადა REN-TV-ის პროდიუსერმა იგორ პროკოპენკომ რადიოსადგურ „ეხო მოსკვი -ს“, „იტარ-ტასის“ ცნობით.