
თბილისი მოუწოდებს ეუთოს აქტიურად დაუჭიროს მხარი სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო გეგმას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა მოუწოდა ეუთოს აქტიურად დაუჭიროს მხარი თბილისის სამშვიდობო გეგმას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, რომელიც დეკემბერში ეუთოს მინისტერიალმა აღიარა, როგორც კონფლიქტის მოგვარების საფუძველი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე 9 თებერვალს მოხსენებით გამოვიდა.
“საქართველო არ უჭერს მხარს პროცესს მხოლოდ პროცესის გულისთვის. ჩვენ შედეგები გვჭირდება. საქართველო მადლიერი იქნება ეუთოს 55 წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერისა მომავალ რთულ კვირებში, რადგანაც ჩვენ ვმუშაობთ სიტუაციის სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, საქართველო მიესალმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ინიციატივას შერეული საკონტროლო კომისიის შემდეგი სხდომის ვენაში გამართვის თაობაზე.
“იმისათვის, რომ მივაღწიოთ პროგრესს ცნობილ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა ჩატარდეს უმაღლეს დონეზე და ღია იყოს ეუთოს, ევროკავშირის და აშშ-ს მონაწილეობისთვის დამკვირვებლების სტატუსით. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ვენაში შეთანხმებას მივაღწევთ“, – დასძინა ბეჟუაშვილმა.