ახალი ამბები

ივანოვი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრობს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა და მთავრობის ვიცე–პრემიერმა სერგეი ივანოვმა იტალიურ გაზეთ La Stampa-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უარესდება. მისი თქმით, ეს ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუმჯობესდება, თუ ისინი ურთიერთსასარგებლო კავშირზე იქნება დაფუძნებული.


ივანოვმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე კომენტარი იმ კითხვაზე პასუხისას გააკეთა, რომელიც შეეხებოდა მოსკოვის პოზიციას საქართველოსა და უკრაინის ნატოში სწრაფვასთან დაკავშირებით. ინტერვიუს ტექსტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 9 თებერვალს დაიბეჭდა.       


“რუსეთის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება გადაწყვიტოს, თუ როგორ უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება და ნებისმიერი სახელმწიფოს ესა თუ ის ქმედებები არსებული სამხედრო საფრთხეების ადექვატური უნდა იყოს. თუმცა, ამ ქმედებებმა არ უნდა დაასუსტონ მეზობელი სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის, უსაფრთხოება“, – განაცხადა ივანოვმა.


“რუსეთისთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი განსაკუთრებით მგრძობიარეა“, – დასძინა მან.


თუმცა, მან განაცხადა, რომ რუსეთი “სიტუაციის დრამატიზებას არ ახდენს. რადგანაც ბლოკებს შორის კონფრონტაციაზე დაფუძნებული ცივი ომის სტერეოტიპები წარსულს ჩაბარდა“.


“თუმცა, სამხედრო ბლოკის წამოწევა ჩვენს საზღვრებთან არ არის ძალიან სასიამოვნო, თუმცა არც ფატალური არ არის“, – განაცხადა მან.


“საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რუსეთი, რომელიც თითქოსდა ცდილობს “დააკონსერვოს“ კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, არის მთავარი დამნაშავე [ურთიერთობების გაუარესებაში]… საქართველოს აშშ-ს ყოფნა სამხრეთ კავკასიაში მიაჩნია მთავარ ელემენტად რეგიონის გაძლიერების საქმეში და რუსეთის “ე.წ. ნეო-იმპერიალური ამბიციების“ საპირწონედ“, – განაცხადა ივანოვმა.


თუმცა, მისი თქმით, საქართველო ამავე დროს ცდილობს იქონიოს “იაფი“ ენერგორესურსები.


“საქართველოს ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის, რომ რუსეთის გარეშე ის ვერ შეძლებს ქვეყანაში ენერგოკრიზისთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარებას და ცდილობს რუსეთის მხარდაჭერა მოიპოვოს იაფი ენერგორესურსების მოპოვების საქმეში“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.


“რა თქმა უნდა, ამგვარი სიტუაცია ჩვენთვის ხელსაყრელი არ არის, რადგანაც ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობის კრიტერიუმი არის ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობები… ეს სწორედ ის კრიტერიუმია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემის შექმნაში უნდა დომინირებდეს“, – განაცხადა სერგეი ივანოვმა.



 

Back to top button