
ბურჯანაძე: სეპარატიზმის საფრთხე საქართველოზე არანაკლებ სახიფათოა რუსეთისთვის
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ურჩია რუსეთის ხელმძღვანელობას ყურადღებით მოეკიდოს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის მიერ მოსკოვში 7 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ქართული მხარის აგრესიის შემთხვევაში საომარ მოქმედებებში “ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების“ თანადგომას ეხებოდა.
“სხვათა შორის, თუ კოკოითია დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტი, რატომ არ არიან ჩრდილო კავკასიური რესპუბლიკები დამოუკიდებელი სახელმწიფოები?…კოკოითი ამ კრიტერიუმებით აზროვნებს და რუსეთის ხელისუფლების ადგილზე, მე ამას ძალიან სერიოზულად დავუფიქრდებოდი, იმიტომ, რომ გარწმუნებთ სეპარატიზმის საფრთხე არანაკლებ სახიფათოა რუსეთისთვის, ვიდრე საქართველოსთვის“, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძემ.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის სურვილი კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების თაობაზე. ამისთვის “მზად ვართ ავამოქმედოთ ყველა მექანიზმი, რა მექანიზმიც ცივილიზებულ თანამედროვე მსოფლიოში არსებობს“, – დასძინა ბურჯანაძემ.