
საქართველოს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვია
ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაცია კომისიის გენერალური მდივანის ჯანი ბუკიკიოს ხელმძღვანელობით 8–11 თებერვალს საქართველოში დაგეგმილ 3 ღონისძიებაში, მათ შორის “ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაზარალებულთა ბინადრობისა და საკუთრების რესტიტუციის შესახებ“ კანონპროექტზე დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.
დღეს ვენეციის დელეგაციას შეხვდება იუსტიციის მინისტრი გია ქავთარაძე და რესტიტუციის შესახებ სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე იმსჯელებს, რომლის მიზანი ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის შესაბამისი კომპენსაციის გაცემის წესის შემუშავებაა.
“ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს თავიანთი შენიშვნები და წინადადებები ექნებათ კანონპროექტთან დაკავშირებით, ორი დღის მანძილზე ვიმუშავებთ მათთან ერთად და მათ მოსაზრებებს გავითვალისწინებთ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის შედგენისას“, – განაცხადა დღევანდელი შეხვედრის წინ იუსტიციის მინისტრმა.
ვენეციის კომისია სავარაუდოდ, 16–17 მარტს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე მიიღებს თავის საბოლოო მოსაზრებას რესტიტუციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის ამოქმედების საჭიროებაც საქართველოსადმი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ზამთრის სესიაზე მიღებულ რეკომენდაციებშიც აისახა.
გარდა ამისა, ვენეციის კომისიის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად მოწყობილ კონფერენციაში, რომელიც საარჩევნო და პოლიტიკური გაერთიანებების უფლებების დაცვას ეძღვნება და ასევე ადგილობრივი დემოკრატიის ძირითად კანონმდებლობაზე დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაში.