ახალი ამბები

პარლამენტი სამშვიდობოების საკითხს 15 თებერვალს უყრის კენჭს

საქართველოს პარლამენტი კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების საქმიანობის შესახებ მოსმენებს მომავალ კვირას განაგრძობს, ამის შესახებ  გავლენიანმა პარლამენტარებმა მას შემდეგ განაცხადეს, რაც დღეს პრემიერ-მინისტრმა და სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დეპუტატებს დახურულ კარს მიღმა სამშვიდობო პროცესზე ინფორმაცია მიაწოდეს.


დეპუტატმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის ბიუროს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ დამატებითი მოსმენები 13 თებერვალს გაიმართება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. 


ბოკერიას თქმით, ამ სხდომაზე სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენს.


“და თუ არ იქნება რადიკალური გაუმჯობესება სამშვიდობოების საქმიანობაში – არა გვგონია, რომ ეს ასე მოხდეს – პარლამენტი 15 თებერვალს მიიღებს ახალ დადგენილებას, რომელშიც დაავალებს მთავრობას უზრუნველყოს რუსი სამშვიდობოების გაყვანა“, – განაცხადა ბოკერიამ.

Back to top button