
ინციდენტი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობას იწვევს
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ ტყვიავში 31 იანვარს მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც რუსი სამშვიდობოების სატვირთო მანქანა სოფელ ტყვიავის ადგილობრივი მაცხოვრებლის მანქანას შეეჯახა, რუს სამშვიდობოებსა და ქართველ სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ქართულმა ტელეკომპანიებმა უჩვენეს კადრები, თუ როგორ ჩხუბობდნენ რუსი სამშვიდობოები და ქართველი სამართალდამცავები, მას შემდეგ რაც რუსმა სამშვიდობოებმა სოფელში ჯავშანტექნიკის რამდენიმე ერთეული შეიყვანეს, რასაც წინ უძღოდა ქართული პოლიციის გადაწყვეტილება რუსი სამშვიდობოების მანქანის დაკავების თაობაზე.
შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურმა მარატ კულახმეტოვმა, რომელიც შემთხვევის ადგილას მივიდა, განაცხადა, რომ ინციდენტის პროვოცირება ქართულმა მხარემ მოახდინა.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ დაარღვია შეთანხმება და კონფლიქტის ზონაში ინციდენტის შემდეგ დამატებითი ჯარები შეიყვანა.
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა თბილისი რუს სამშვიდობოებთან შეიარაღებული შეტაკების პროვოცირების მცდელობაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, 31 იანვარს კონფლიქტის ზონაში ქართულმა მხარემ 500–ზე მეტი სამხედრო შეიყვანა.
კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უარყო კონფლიქტის ზონაში თბილისის მიერ დამატებითი ძალების შეყვანა.
“იმ შემთხვევაში, თუ განმეორდება ანალოგიური ინციდენტი, რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობა მზად იქნება უმკაცრესი ზომები მიიღოს, იარაღის გამოყენების ჩათვლით“, – იტყობინება “რია ნოვოსტი“ მარატ კულახმეტოვის სიტყვებზე დაყრდნობით.