
პარლამენტი რუსული ბაზების კანონგარეშედ გამოცხადების საკითხს განიხილავს
9 მარტს საქართველოს პარლამენტი განიხილავს დადგენილების პროექტს რუსული სამხედრო ბაზების კანონგარეშედ გამოცხადების თაობაზე. გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იქნა მიღებული.
დადგენილების პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჯორჯიას“ განუცხადა, რომ დოკუმენტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მომზადდა. იგი „გამომდინარეობს არსებული სიტუაციიდან, როდესაც საქართველო ვერ ხედავს რუსეთის ხელისუფლების რაიმე გადაწყვეტილებას რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გამოყვანის მისაღებ ვადებთან დაკავშირებით“.
ბოკერიას განცხადებით, პროექტის თანახმად საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას ეძლევა ვადა 2005 წლის 1 მაისამდე, რათა მომზადდეს ღონისძიებები, რომლებიც ძალაში შევა, იმ შემთხვევაში თუ სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე ორი მხარე პროგრესს ვერ მიაღწევს. ეს ღონისძიებები ითვალისწინებს წყლის და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას სამხედრო ბაზებისთვის, სამხედროებისთვის ვიზების გაცემის შეფერხებას და ბაზების ფუნქციონირების საერთო ვალის შეფასებას.
თუ ეს ღონისძიებებიც უშედეგოდ დასრულდება, „გატარდება სხვა ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს რუსული ბაზების გაყვანას საქართველოდან 2006 წლის 1 იანვრამდე“, განაცხადა ბოკერიამ.
დეპუტატის თქმით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ეს ვადა სავსებით საკმარისია 3000 სამხედროს და მისი ოჯახის წევრების გასაყვანად. „წითელ არმიას ბევრად უფრო ნაკლები დრო დასჭირდა საქართველოს დასაპყრობად [1921 წელს]“, დასძინა ბოკერიამ.
ეს განცხადება შეესაბამება საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას, რომელიც საგარეო უწყებამ 2005 წლის თებერვალში დააფიქსირა რუსეთის სამხედრო ბაზებზე წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა მაშინ, რომ თუ მაისამდე მხარეები ვერ მიაღწევდნენ პროგრესს მოლაპარაკებებზე, საქართველო განიხილავდა ბაზების კანონგარეშედ გამოცხადების საკითხს.