
“იტერა“ “აზოტის“ ვალების რესტრუქტურიზაციას მოითხოვს
საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია „იტერა“, რომელიც სს „აზოტის“ საწარმოს აქციათა 90%-ის მფლობელია, ქართული მხარისგან საწარმოს დავალიანების ჩამოწერას მოითხოვს, სანაცვლოდ კი “თბილგაზის“ ვალის რესტრუქტურიზაციის საკითხს აყენებს.
“იტერამ“, რომელიც გასულ წლამდე საქართველოში ბუნებრივი აირის მომწოდებელ ერთადერთი კომპანია იყო, 2003 წელს სს საწარმო „აზოტის“ მფლობელი გახდა. თავის მხრივ „აზოტს“ წლების მანძილზე თანხების გადაუხდელობის გამო სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დაახლოებით 22 მლნ ლარის დავალიანება დაუგროვდა.
„იტერას“ ვალი აქვს თბილსის გაზგამანაწილებელ კომპანია „თბილგაზს“, რომელიც „იტერასაგან“ იღებდა ბუნებრივ აირს. ვალის რაოდენობა დაახლოებით 18 მლნ ლარს შეადგენს.
თბილისში მყოფი „იტერას“ წარმომადგენლის ვალერი ოტჩერცოვის განცხადებით, ვალების რესტრუქტურიზაცია ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. ამას ადასტურებს საქართველოში „იტერას“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამაზ პატარიძეც.
„სახელმწიფოს იტერას მიმართ წლების განმავლობაში დაგროვილმა ვალმა დაახლოებით 103 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის არის თბილგაზის ვალიც. 46 მლნ ლარი კი სახელმწიფო ორგანიზაციების ვალია. ამ ფონზე კარგი იქნება თუ მოხდება „აზოტის“ ვალის ჩამოჭრა. ამაში ცუდი და საგანგაშო არაფერი არ არის“, განაცხადა „სივილ ჯორჯიასთან“ საუბრისას თამაზ პატარიძემ.
მისი თქმით, ვალების რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში საუბარია, ასევე „აზოტის“ უპირობო საკუთრებაში გადაცემაზე, თუმცა ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
„იტერამ“ სს „აზოტში“ უკვე განახორციელა დაახლოებით 4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ინვესტიციათა რაოდენობამ შესაძლოა 6 მლნ შეადგინოს.