ახალი ამბები

სააკაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებით კმაყოფილია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მთავრობის  წევრებთან ერთად, დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს ესწრება, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სამასი არაგველების ობელისკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება.


“ბოლო პერიოდში მოსახლეობაში განსაკუთრებით გაიზარდა ნდობა შეიარაღებული ჯარების მიმართ. ჩვენი რწმენა კონკრეტულ იმედებს ემყარება და ეს ძლიერი საქართველოა. დღეს ჩვენ დიდ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შანსი გაგვიჩნდა. ძლიერი ჯარი კი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ძალაა“, განაცხადა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ გრძელდება თანამშრომლობა აშშ-სთან საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. „ამის დასტურად ჩვენი სამხედროები  წარმატებით იღებენ მონაწილეობას ერაყში სამშვიდობო ოპერაციებში, უახლოეს მომავალში კი მათი კონტიგენტი სამჯერ გაიზრდება“, განაცხადა პრეზიდენტმა.


მან, ასევე, დადებითად შეაფასა სამხედრო სფეროში თანამშრომლობა რუსეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სხვა ქვეყნებთან.


რაც შეეხება ერაყში ქართული ჯარის დისლოცირების საკითხს, დღეისათვის 159 ქართველი სამხედრო იღებს მონაწილეობას ერაყის სამშვიდობო ოპერაციებში. ივნისის თვეში კიდევ 156 სამხედროს გაგზავნა იგეგმება.

Back to top button