skip to content
ახალი ამბები

“ალ-ქაედას” ცენტრებმა შესაძლოა “საქაერთველოსა და ჩეჩნეთში” გადაინაცვლეს, – აცხადებს საფრანგეთის შს მინისტრი

(თბილისი, 6 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ალ-ქაედას” ცენტრებმა ავღანეთიდან შესაძლოა “ჩეჩნეთისა და საქართველოს” მიმართულებით გადაინაცვლა. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ამის შესახებ დღეს “დიდი შვიდეულისა” და რუსეთის შს მინისტრებისა და იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნიკოლია სარკოზიმ.

“ტერორიზმის საფრთხე კვლავ დიდია და ჩვენ ყველანი დარწმუნებულნი ვართ, რომ არ შეიძლება უსაფრთხოების ზომების შესუსტება”, – აღნიშნა მან.

მინისტრმა ასევე თქვა, რომ “ალ-ქაედას” ტერორისტული ქსელი “ღრმად დეზორგანიზებულია ავღანეთში მოქმედებების გამო, ხოლო მისმა ოპერატიულმა ცენტრებმა შესაძლოა ჩეჩნეთისა და საქართველოს მიმართულებით გადაინაცვლეს”.

გასულ წელს პანკისის ხეობაში ჩატარდა ანტიკრიმინალური ოპერაცია, რომლის შედეგადაც, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ხეობა დატოვა 700-მდე ჩეჩენმა მებრძოლმა და 100-მდე დაქირავებულმა არაბმა, რომელთა შორის შესაძლოა ყოფილიყვნენ “ალ-ქაედასთან” დაკავშირებული პირები. ამჟამად პანკისის ხეობას საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს, და როგორც იქ ახლახანს ვიზიტით ჩასულმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა განაცხადეს, სიტუაცია ხეობაში მშვიდია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button