
ბუშის ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს დაბომბვასთან დაკავშირებით
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 25 აგვისტო, 2002) – 24 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს “საიმედო წყაროებით მიღებულ იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა საქართველოს ტერიტორიას საჰაერო დარტყმები მიაყენეს”.
“აშშ წუხს მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის გამო”, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა არი ფლეიშერმა.
23 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.
რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ 23 აგვისტოს არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციას და არც სასაზღვრო ავიაციას არათუ საბრძოლო რეიდები, არამედ საერთოდ ფრენები არ შეუსრულებია.
მაგრამ ეტყობა თეთრ სახლში თბილისიდან მიღებულ ცნობებს უფრო ენდობიან. “გუშინდელი დაბომბვა და ის ფაქტი, რომ რუსეთის მთავრობა ამას უარყოფს, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს უფრო გაამწვავებს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩეჩნეთის კონფლიქტის სასწრაფოდ მოწესრიგებისკენ მოვუწოდებთ. ეს სტაბილურობას მოიტანს რუსეთშიც და საქართველოშიც, დაგვეხმარება ტერორიზმთან ბრძოლასა და მთელ კავკასიაში მშვიდობის დამყარებაში”, – განაცხადა არი ფლეიშერმა.