
ოპოზიციონერთა მორიგი გაერთიანება
პოლიტიკოსთა არაპოლიტიკური მიზნები ერთი თვის წინ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერების – ირინა სარიშვილი-ჭანტურიასა და ზურაბ ჟვანიას ინიციატივით, 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ ერთად. მათ ხელისუფლების კრიმინალიზაციის პროცესი დაგმეს და პოლიტიკაში საერთო პრინციპების ჩამოყალიბების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერის, ირინა სარიშვილი-ჭანტურიას დაღუპული მეუღლის – გია ჭანტურიას დაბადების დღეს მხოლოდ სამი პარტიის წარმომადგენლები ეროვნულ-დემოკრატები, ტრადიციონალისტები და გერთიანებული დემოკრატები შეიკრიბნენ. ედპ-ის ლიდერის ირინა სარიშვილი-ჭანტურიას თქმით, “არანაირი პოლიტიკური ალიანსი, არანაირი პოლიტიკური გაერთიანება, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე არ გაფორმებულა”. “ჩვენ ვქმნით თანამშრომლობის სრულიად ახალ სისტემას… ეს არის სწორედ ის მომენტი, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისგან რეალურ პასუხისმგებლობას მოითხოვს, მოითხოვს ნებისყოფას საიმისოდ, რომ ჩვენს შორის არსებული განსხვავებები გადავლახოთ და რეალური კონსოლიდაციის პროცესი დავიწყოთ”, – განაცხადა ზუარბ ჟვანიამ. პოლიტიკურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ დეკლარაციაში ჩამოყალიბებულია პოლიტიკურ პარტიათა გაერთიანების ზოგადი პრინციპები და მიზნები, რომელთა შორის უმთავრესია დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის ძალადობრივი, ანტიკონსტიტუციური გზით განვითარების თავიდან აცილება, სამოქალაქო თავისუფლებათა დაუყოვნებელი განხორციელება თითოეული მოქალაქის მიერ, მჭიდრო ურთიოერთობები ნატო-სა და ევროკავშირთან ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების მიზნით. საკოორდინაციო საბჭოში გადაწყვეტილებები კონსენსუსის გზით მიიღება. საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აქვთ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ [არასამთავრობო სექტოროს სურვილია], “პირველ რიგში, მათ გაამჯობესონ მუშაობა, ვინც დემოკრატიული და დასავლური ფასეულობების სადარაჯოზე დგას. შესაბამისად, ჩვენ ამ პოლიტიკური პარტიების მუშაობით ყოველთვის არ ვიყავით კმაყოფილი, რადგან ისინი თავად არ იყვნენ ყოველთვის თანმიმდევრული ამავე ღირებულებების დაცვისას”. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თითოეული გამომსვლელი განსაკუთრებით აღნიშნავდა, რომ ეს გაერთიანება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. სარიშვილი-ჭანტურიას თქმით, საკოორდინაციო საბჭოს კარები არავისთვის დახურული არ არის. “ყველა პარტიას შეუძლია საბჭოს პარიტეტულ საწყისებზე ჭემოუერთდეს”, – დასძინა მან. საკოორდინაციო საბჭოს წევრები აღნიშნავდნენ, რომ მათი გაერთიანების ერთ-ერთ ძირითად ამოცანას შემოდგომაზე ხელისუფლების მიერ ნაწინასწარმეტყველები დესტაბილიზაციის არდაშვება წარმოადგენს. მათი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების შეცვლა სახელმწიფოში ამჯერად მაინც მშვიდობიანი გზით მოხდეს. “ჩვენ, ამ სამი ძალის წარმომადგენლები, ჩვენი საზოგადოების წინაშე ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ვიაროთ ერთად ამ ძალიან რთულ, მაგრამ აუცილებლად გასავლელ გზაზე”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ. რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:19 აგვისტოს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ, “ტრადიციონალისტებმა” და “გაერთიანებულმა დემოკრატებმა” ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას და საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბება აუწყეს საზოგადოებას.
არასამთავრობოები მხარს უჭერენ პოლიტიკური პარტიების ინიციატივას
პოლიტიკური პარტიები საერთო საფრთხის წინააღმდეგ ერთიანდებიან