ახალი ამბები

აფხაზები კოდორში რჩებიან – მოლაპარაკებები დღეს განახლდება

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 14 აგვისტო, 2002) – 13 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ და აფხაზეთის თვითმარქვია რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანრი ჯერგენიამ ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა კოდორის ხეობიდან შეიარაღებული აფხაზების ჯგუფის გაყვანის თაობაზე. გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში გამართული მოლაპარაკებები რამდენჯერმე შეწყდა კოდორის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობის თავდაცვით რაზმებსა და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასულ აფხაზებს შორის მომხდარი შეტაკებების გამო. ამ შეტაკებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

13 აგვისტოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ თავის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აფხაზების ჯგუფმა ზემო კოდორიდან გასვლა დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ჭუბურხინჯიდან კოდორში გაფრინდა, შემდეგ კვლავ ჭუბურხინჯში დაბრუნდა და 13 აგვისტოს გვიან თბილისში ჩამოვიდა, სადაც განაცხადა, რომ კოდორში სროლა შეწყდა, მაგრამ საერთო მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. “მოლაპარაკებები აფხაზთა გასვლის თაობაზე 14 აგვისტოს შუადღისას განახლდება”, – განაცხადა ჯორბენაძემ.

სოხუმის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა ანრი ჯერგენიამ 13 აგვისტოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 14 აგვისტოს შეიკრიბება აფხაზეთის უშიშროების საბჭო, სადაც განიხილავენ, გაიყვანონ თუ არა აფხაზების ჯგუფი კოდორიდან.

დავით თევზაძემ ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზური მხარე “მოსკოვიდან დირექტივებს ელოდება”. მისი თქმით, აფხაზი სეპარატისტების ყოველ ნაბიჯს მოსკოვი მხარს უჭერს.

შეიარაღებულ აფხაზთა ჯგუფი ზემო კოდორის ტერიტორიაზე, რომელსაც ქართული მხარე აკონტროლებს, 8-11 აგვისტოს შევიდა.

Back to top button