skip to content
ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე უზბეკეთს სტუმრობს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 4 მარტს საქართველოს დელეგაციის თანხლებით უზბეკეთში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერ ნურიდინ ისმოილოვს და სენატის თავმჯდომარეს ტანზილა ნარბაევას. ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრები უზბეკეთის პრეზიდენტთან შავკატ მირზიოევთან და პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან.

„ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, – განაცხადა კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ქართული ოცნების“ მთავრობის ინფორმაციით, ტაშკენტში ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართება.

კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკას დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

შეხვედრა სენატის თავმჯდომარესთან ტანზილა ნარბაევასთან

სენატის თავმჯდომარესთან ტანზილა ნარბაევასთან შეხვედრაზე მხარეებმა მთავრობათაშორისი, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას, როგორც მთავარ დამაკავშირებელს ევროპასა და აზიას შორის და ქვეყნის მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა მიზანიც რეგიონული კავშირის გაუმჯობესებაა. “ჩვენ ვაშენებთ გზებს, ასევე ვგეგმავთ ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენებას თბილისში და პორტის – შავ ზღვაზე. ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს ჩვენ შორის თანამშრომლობას. ეს პროექტები ხორციელდება შუა დერეფნის ინიციატივის გათვალისწინებით. ჩვენი სურვილია ამ პროექტის მაქსიმალური გაძლიერება ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა მან.

მთავრობის პრესრელიზის თანახმად, კობახიძემ ხაზი გაუსვა განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს და ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების საფუძვლად საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებული ისტორიული კავშირები დაასახელა.

ნარბაევა მიესალმა მზარდ პარტნიორობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა უზბეკეთის ერთგულება საქართველოსთან კავშირების შემდგომი გაძლიერების მიმართ. “ჩვენი ურთიერთობები ძლიერდება და მჯერა, თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას “, – განაცხადა ტანზილა ნარბაევამ.

შეხვედრა უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერთან ნურიდინ ისმოილოვთან

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერ ნურიდინ ისმოილოვს შეხვდა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ „ნაყოფიერ თანამშრომლობას“.

„ჩვენს ქვეყნებს კარგი ეკონომიკური თანამშრომლობა აკავშირებს, მაგრამ მისი გაფართოების დიდი შესაძლებლობა არსებობს. ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა შეიძლება ბევრად გაუმჯობესდეს“, – განაცხადა კობახიძემ. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის და დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად“.

კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნას, მათ შორის უზბეკი ინვესტორებისთვის. ეკონომიკური თანამშრომლობის გარდა, კობახიძემ ხაზი გაუსვა ტურიზმი სფეროში „საკმაოდ ინტენსიურ“ ანამშრომლობას. „ბევრი სფერო არსებობს, სადაც შეგვიძლია კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა. დიდია თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა ხელოვნების, მეცნიერების, განათლების, სპორტის და სხვა სფეროებში“, – აღნიშნა მან.

ისმოილოვმა, თავის მხრივ, შეაქო საქართველოს დემოკრატიული პროგრესი და პოლიტიკური სტაბილურობა. „საქართველო უკვე გახდა დემოკრატიული განვითარების და რეფორმების მოდელი; არჩევნები ამ სულისკვეთებით ჩატარდა. თქვენ წარმატებით გაუმკლავდით წნეხსა და სერიოზულ დაძაბულობას ქვეყანაში”, – განაცხადა მან.

შეხვედრა უზბეკეთის პრემიერმინისტრ აბდულა არიპოვთან

5 მარტს, ირაკლი კობახიძე უზბეკეთის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვს შეხვდა. „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დადებით დინამიკას, მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს“.

საუბარი ასევე შეეხო დარგობრივ უწყებებს შორის ურთიერთობებს და საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის როლს ორმხრივი ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებაში. აღინიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთი „სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და მნიშვნელოვანია სავაჭრო ბრუნვის ზრდის კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისება“.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და სავაჭრო პარტნიორობის სტაბილურობას. საუბარი ასევე შეეხო საინვესტიციო შესაძლებლობებს, რა დროსაც კობახიძემ გაზრდილი ეკონომიკური ჩართულობის ორმხრივ სარგებელს გაუსვა ხაზი.

კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია უზბეკეთთან სავაჭრო ურთიერთობებისა და ინვესტიციების გაღრმავებით. „თქვენი საინვესტიციო გარემო შეიძლება ძალიან მიმზიდველი იქნეს ქართველი ინვესტორებისთვის და საქართველოც ძალიან საინტერესო საინვესტიციო გარემოს სთავაზობს პოტენციურ ინვესტორებს“, – განაცხადა კობახიძემ. „განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას. საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს და ისტორიულად აკავშირებდა ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს“.

არიპოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უზბეკეთის ერთგულება მჭიდრო თანამშრომლობისადმი. „თანამშრომლობა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ინტენსიურად მიმდინარეობს. ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებლები იზრდება, ასევე ხორციელდება ერთობლივი პროექტები. კულტურული, ჰუმანიტარული და რეგიონთაშორისი კავშირები მტკიცდება“, – განაცხადა არიპოვმა. „დღეს ჩვენი მთავრობების მთავარ ამოცანას წარმოადგენს იმ შეთანხმებების დროული განხორციელება, რომლებიც ეხება ახალ შეთავაზებებს ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის“.

შენიშვნა: მასალა განახლდა 5 მარტს და მას დაემატა ინფორმაცია უზბეკ კოლეგასთან კობახიძის შეხვედრის შესახებ.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button