ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთს სტუმრობს 

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 18 ივლისს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთს ეწვია.

19 ივლისს უზბეკეთის პრემიერმინისტრ აბდულა არიპოვთან შეხვედრის დროს, მხარეებმა ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე უზბეკეთისთვის საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის როლზე გაამახვილეს ყურადღება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წელს, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 18.5%-ით გაიზარდა. ამ ფონზე, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველო დაინტერესებულია უზბეკეთის ბაზრებზე, მათ შორის, ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების საექსპორტო მოცულობების შემდგომი გაზრდით“.

პრემიერმინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პორტების გამოყენების შესაძლებლობა უზბეკეთისთვის, რათა მათი პროდუქცია ევროპის ბაზარზე მოხვდეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტის მიზანია უზბეკეთთან საქართველოს ურთიერთობის გაძლიერება და მათი წარმატებული განვითარების იმედი გამოთქვა.

არიპოვის სიტყვებზე დაყრდნობით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იტყობინება რომ „ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია უზბეკეთში და, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა უზბეკეთ-საქართველოს ურთიერთობებში“.

ირაკლი ღარიბაშვილმა არიპოვთან ერთად ტაშკენტში, შოთა რუსთაველის სახელობის რეკონსტრუირებული სკვერის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. მან ტაშკენტის ტექნოპარკიც დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო.

დღესვე, ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკისა და სხვადასხვა სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვის პოზიტიურ დინამიკას გაუსვეს ხაზი.

უზბეკეთში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ასევე იმყოფებიან თბილისის მერი, კახა კალაძე; საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.

შენიშვნა: მასალა 2022 წლის 19 ივლისს, 17:40 სთ-ზე, პრემიერ ღარიბაშვილისა და უზბეკეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაციის შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button