ახალი ამბები

უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სტუმრობს

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი სტუმრობს. მან უკვე გამართა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად.

შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან

უზბეკეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები ერთამენთს 17 ივლისს შეხვდნენ. პირისპირ გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისათვის. ამასთან, მან მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მიულოცა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შავკატ მირზიოევს არჩევნებში გამარჯვება. შეხვედრის შესახება ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური ავრცელებს.

თავის მხრივ, უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, აბდულა არიპოვმა მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა „ლოგიკურად აგრძელებს ქვეყნებს შორის დიალოგს“, რომელიც შარშან უზბეკეთში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტისას დაიწყო.

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე კოლეგებმა ასევე განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები, ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე და ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდა ბოლო 2 წლის განმავლობაში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ეკონომიკის სფეროში და რეფორმების გაზიარების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მათ ასევე იმსჯელეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე და ამ კონტექსტში, „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობაზეც.

პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრა გაფართოვებულ ფორმატშიც გამართეს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზბეკ კოლეგას მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის,“ – ხაზგასმულია პრეს-რელიზში.

შეხვედრის შემდგომ, პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმას. ასევე, მოეწერა ხელი ხელშეკრულებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს საბჭოს დაარსებასთან დაკავშირებით.

შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან

ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უმასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას, პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვის ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს პორტებთან და საზღვაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ამ სექტორში მიმდინარე და მომავალი პროექტების განხილვა.

საქართველოში ყოფნისას დელეგაციას ბათუმსა და ფოთში აჭარის ავტონომიური ოლქის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანიც მასპინძლობდა. მათ ერთად დაათვალიერეს ფოთის საზღვაო პორტი და აკვატორია სანაპირო დაცვის გემით. ისინი ასევე გაეცნენ ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურას და მუშაობას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს. 

ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ვიცე პრემიერ-მინისტრმა დავითაშვილმა გამოთქვა ოპტიმიზმი საქართველოსა და უზბეკეთს შორის სამომავლო თანამშრომლობის მიმართ, ამავდროულად ზოგადად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობის კუთხითაც. მან ხაზი გაუსვა ერთობლივი საწარმოებისა და პროექტების პოტენციალს, უზბეკეთის მზარდი მინერალური სასუქების, სხვადასხვა ქიმიური და სამთო პროდუქტების წარმოების გათვალისწინებით, რომელთა ეფექტური ექსპორტი ევროპაში შესაძლებელია საქართველოს გავლით. ვიზიტმა ასევე ხელი შეუწყო დისკუსიებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, პარტნიორობის ახალი გზების შესწავლაზე, როგორიცაა ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკური ჰაბები, ტექსტილის წარმოება და ინვესტიციები სხვადასხვა სექტორში.

ამასთან, ვიცე-პრემიერმა დავითაშვილმა ხაზი გაუსვა უზბეკეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოსთვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანას განვითარდეს, როგორც სატრანსპორტო, სატრანზიტო და ლოჯისტიკური ცენტრი. დელეგატებმა ასევე მოინახულეს ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაც. დავითაშვილმა აღნიშნა ერთობლივი საწარმოების შექმნის მნიშვნელობა, იმისთვის, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები მაქსიმალურად ოპტიმალურად იყოს გამოყენებული უზბეკ პარტნიორებთან ერთად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button