
პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით საზოგადოებრივი ასამბლეა დაფუძნდა
„თეატრი სახელოსნო 42“-ის შენობაში 8 თებერვალს „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის“ დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. ასამბლეის მიზანია ხელი შეუწყოს არსებული კრიზისის მშვიდობიან და სტრატეგიულ მოგვარებას და ქვეყნის დაბრუნებას დემოკრატიული რესპუბლიკის, კონსტიტუციური სახელმწიფოსა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
2 000 მოქალაქე და 20-ზე მეტი სოციალური ჯგუფი გაერთიანდა, როგორც თავად ამბობენ, ევროპული ღირებულებების დასაცავად. წევრებს შესაძლებლობა ექნებათ შეუერთდნენ სპეციალიზებულ სამუშაო ჯგუფებს, რაც მათ საშუალებას მისცემს ჩაერთონ დისკუსიებში და გაზარდონ საზოგადოების ზეწოლა მნიშვნელოვან საკითხებზე. ასამბლეაში გაწევრიანების ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამის გაკეთება ასამბლეის დამფუძნებელი ყრილობის ქარტიაზე ხელმოწერით.
ქარტიის თანახმად, ასამბლეის მიზანია ხელი შეუწყოს „მედეგი დემოკრატიული სისტემის განვითარებას, რომელიც მომავალშიც მაქსიმალურად გამორიცხავს ძალაუფლების მიტაცებას და უზრუნველყოფს მოქალაქეთა სუვერენიტეტს“.
„მიგვაჩნია კრიტიკულად მნიშვნელოვნად უმოკლეს დროში ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რომელიც რეალურად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას, მშვიდობიანი პროტესტების წინააღმდეგ ძალადობის დაუყოვნებელი შეჩერება და საპროტესტო აქციების დროს უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება“, – ნათქვამია ქარტიაში.
„ვაცნობიერებთ რა, რომ ამ მიზნების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებსა და ინტერესთა ჯგუფებს შორის კოორდინაციის, მდგრადი თანამშრომლობის მექანიზმის არსებობა, ვაფუძნებთ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანამშრომლობის პლატფორმას – საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას, რომელიც, თავის მხრივ, 1917 წლის საქართველოს ეროვნული ყრილობის მემკვიდრეობას ეფუძნება“, – ნათქვამია ქარტიაში.
უკვე 74 დღეა, რაც საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებშიც სხვადასხვა პროფესიისა და პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები მონაწილეობენ. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები განსაკუთრებით აქტიურობენ. 23 იანვარს ქართველმა მსახიობებმა საპროტესტო სპექტაკლი გამართეს ვასო აბაშიძის სახელობის თეატრში, სადაც მსახიობები მათი კოლეგის ანდრო ჭიჭინაძის დაკავების შემდეგ გაიფიცნენ – მათ მანიფესტი გამოაქვეყნეს და განაცხადეს, რომ ქვეყნის ფარგლებში მოქალაქეებთან შეხვედრებსა და თავისუფლებისთვის კამპანიის განხორციელებას აპირებენ.
ასევე წაიკითხეთ:
- 08/02/2025 – სიახლეების ბლოგი: წინააღმდეგობა 2025
- 07/02/2025 – ექვსი პროფკავშირი სახელმწიფო რეპრესიების წინააღმდეგ კოლექტიურ დავებს იწყებს
- 07/11/2024 – სამოქალაქო მოძრაობა საპროტესტო ბანერის ჩამოკიდებისთვის დააჯარიმეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)