
ექვსი პროფკავშირი სახელმწიფო რეპრესიების წინააღმდეგ კოლექტიურ დავებს იწყებს
ექვსმა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა 5 თებერვალს ხელისუფლების წინააღმდეგ შვიდი კოლექტიური შრომითი დავის დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება, რომლის მიზანიც სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენაა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფოს წინააღმდეგ კოლექტიური დავების მექანიზმი გამოიყენება და შესაძლოა კანონიერად გამართლებულ გაფიცვას გაუხსნას გზა. გაფიცვის უფლება საქართველოს კანონმდებლობაში შედარებით ახლახანს აისახა და მისი განხორციელება სირთულეებთანაა დაკავშირებული.
გადაწყვეტილება შემდეგმა ექვსმა პროფესიულმა კავშირმა მიიღო: საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი, პროფკავშირი „გილდია“, სოციალურ მუშაკთა გაერთიანება, საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი, კინემატოგრაფისტთა პროფესიული კავშირი, და საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და პოლიტიკურად მოტივირებული დათხოვნების შეწყვეტას ითხოვენ.
განცხადებაში პროფკავშირებმა გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ და განაცხადეს, რომ ამას მოყვა მასშტაბური პოლიტიკურად მოტივირებული გათავისუფლებები სამსახურიდან. განცხადება ხაზს უსვამს ქვეყანაში ავტორიტარიზმის მძლავრ ტალღას და დასძენს, რომ „პროფკავშირული საქმიანობის შეზღუდვის პროცესი ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის შესახებ მიღებული დრაკონული კანონით განაგრძო. მეტიც წმენდების ფონზე, საჯარო მოხელეებს სისტემა ხელოვნურად უხარვეზებს განაცხადს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების რეგისტრაციის შესახებ“.
სამართლებრივი ქმედებები და დავები
ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საქმე ეხება სოციალურ მუშაკთა გაერთიანებას, რომელიც პრობაციის ეროვნული სააგენტოდან ოთხი სოციალური მუშაკის გათავისუფლებას აპროტესტებს.
„დეკემბერში 4 სოციალური მუშაკი გაათავისუფლეს პრობაციის ეროვნული სააგენტოდან. მიზეზი ის იყო, რომ შეუწყვიტეს ხელშეკრულებები, რომ თითქოს, ამოიწურა ვადა, თუმცა აღნიშნული უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს“, – განუცხადა სოციალურ მუშაკთა გაერთიანების წარმომადგენელმა სოფო მუშკუდიანმა „ევრონიუსს“.
„ჩვენს განთავისუფლებას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და თანამშროლების განთავისუფლებსათან დაკავშირებულ ღიად გამოხატულ პოზიციის დაფიქსირებას ვუკავშირებთ“, – დაწერა გაერთიანების ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ტყეშელაშვილმა სოციალურ ქსელში და საჯარო სამსახურიდან თანამშრომლების ბოლოდროინდელ გათავისუფლებებს „პოლიტიკური ნიშნით წმენდა“ უწოდა.
დეკემბრის ბოლოდან ათეულობით ადამიანი დაითხოვეს სხვა სახელმწიფო უწყებებიდან და დაწესებულებებიდანაც, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იუსტიციის სახლიდან, პარლამენტიდან, მთავრობის ადმინისტრაციიდან, თბილისის მერიიდან და ა.შ.
სხვა პროფკავშირებმა ანალოგიურად გამოხატეს თავიანთი წუხილები სამუშაო პირობებთან დაკავშირებით. საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ ოთარ ბერძენიშვილმა კულტურის სფეროში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. „დღეს შევიტანეთ საჩივარი შრომის სამინისტროში – ესაა კონსერვატორიის თანამშრომლების კოლექტიური დავა. დავა ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, მაგალითად არაადამიანურად დაბალი ანაზღაურება, ინვენტარის არქონა-გაუმართაობა და სხვა“. მან მზადყოფნა გამოთქვა გვერდში დაუდგეს ნებისმიერ ადამიანს და „ერთად ვიბრძოლოთ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება იყოს ოდნავ უფრო ადამიანური და გასაძლები”.
საჯარო სექტორიდან გათავისუფლება და ბრძოლა აღდგენისთვის
პროფკავშირები ბოლო დროს საჯარო სექტორიდან გათავისუფლებებს თანამშრომლების პროევროპულ აქციებში მონაწილეობას.უკავშირებენ. მათ შორის იყო თბილისის მერიის შშმ პირთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე, რომელიც თანამდებობიდან 26 დეკემბერს გაათავისუფლეს.
სოფრომაძის თქმით, სახელმწიფო დაწესებულებებიდან უკვე 300-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული, რომლებიც პროევროპუ;ლ აქციებში აქტიურობის გამო ამოიღეს მიზანში. სოფრომაძის თქმით, ვინაიდან ხელისუფლებას პროევროპული ადამიანების პოზიცია არ მოსწონა, მათი ჩანაცვლება ალტერნატიული პერსონალით ხდება.
გაფიცვის მუხტის ზრდა
სამართლის ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს ამ უპრეცედენტო შრომითი მობილიზაციის მნიშვნელობა. კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ კოლექტიური შრომითი დავის სამართლებრივი პროცედურები ჩამოაყალიბა. მისი თქმით, ვინაიდან პროფკავშირებმა მიმართეს შრომის სამინისტროს და მოითხოვეს შუამავლობა დამსაქმებელთან, დამსაქმებლები ახლა ვალდებულნი არიან დასაქმებულებთან მოლაპარაკება აწარმოონ. კოლექტიური დავის დაწყებიდან 22-ე დღეს დასაქმებულებს წარმოეშობათ გაფიცვის უფლება.
მენაბდეს თქმით, ეს საქართველოში გაფიცვის კანონიერი უფლების გამოყენების ერთ-ერთი პირველი მცდელობაა. „ესეთი რამე არასდროს მომხდარა, ასეთი ტალღის ფორმა არასოდეს ჰქონია შრომით დავებს. იმედია სხვებიც შეუერთდებიან“, – აცხადებს მენაბდე.
იმავდროულად, „ინფორუსთავი“ იტყობინება, რომ 7 თებერვალს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციულ შენობასთან დასაქმებულთა ნაწილი შეიკრიბა ხელფასების 500-ლარიანი ზრდისა და ბოლო პერიოდში სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლების უკან დაბრუნების მოთხოვნით.
„ერთი თვის წინ გვქონდა საუბარი დირექციასთან, ხელფასის მომატებას ითხოვდნენ თანამშრომლები. 1 კვირის უკან მოხდა წერილობითი ცნობა, რომ თუ არ დაკმაყოფილდებოდა ეს მოთხოვნა, მოხდებოდა გაფიცვა“, – უთრა ქარხანაში დასაქმებულმა „ინფორუსთავს“.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/11/2024 – განათლების სამინისტროს თანამშრომლები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გაემიჯნენ
- 29/11/2024 – თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან
- 01/12/2024 – საქართველოს საჯარო მოხელეების განცხადება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)