skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი გმობს საქართველოს სადავო კანონებს, განსხვავებული აზრის ჩახშობას და რეფორმებისკენ მოუწოდებს

15 იანვარს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1516-ე სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაში, ევროკავშირის დელეგაციამ ევროპის საბჭოში მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბოლო ქმედებები, რამაც დემოკრატიულ უკუსვლას შეუწყო ხელი.  

ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს მიერ სადავო კანონების მიღების გამო, რომლებიც „ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს“, და რომლებიც უკან გადაგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის გზაზე. განცხადება ასევე გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების ძალადობრივ დარბევას და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, ხოლო ნებისმიერი ძალადობის აქტი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის სფეროებში უკუსვლის გამო. საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის, ასევე ლგბტი პირების უფლებების სრული პატივისცემა“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა რიგი ზომები მიიღო საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ და მათ შორის დასახელებულია ევროკავშირის დახმარების შეჩერება, რომლითაც უშუალოდ ხელისუფლება სარგებლობდა. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცესი მიმდინარეობს.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუბრუნდეს დემოკრატიული რეფორმების გზას ევროპული ღირებულებების შესაბამისად და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს იმ ცხრა ნაბიჯის განხორციელებას, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2023 წლის კომუნიკაციაშია ასახული.

ევროკავშირი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას „უზრუნველყოს, რომ მისმა აქტიურმა სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს ფუნქციონირება შეზღუდვების გარეშე და აქტიურად, ინკლუზიურად და მნიშვნელოვნად ჩაერთოს პოლიტიკის შემუშავების პროცესში“.

ევროკავშირმა ხელისუფლებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევების გამოძიებისა და აღმოფხვრისკენაც მოუწოდა.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაუხვა ხაზი ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმების გატარების, ასევე ქართულ პოლიტიკაში ოლიგარქების გავლენის აღმოსაფხვრელად საჭირო კონკრეტული ქმედებების განხორციელების მნიშვნელობას.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზი გაუსვა მის ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button