skip to content
ახალი ამბები

ძალადობის ფონზე, პრეზიდენტი საერთაშორისო მოქმედებისკენ მოუწოდებს და ჟურნალისტებს აჯილდოვებს

ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში და საქართველოს მასშტაბით მიმდინარე ძალადობაზე ისაუბრა და დაგმო როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ისე ადამიანის უფლებათა შესაბამისი საერთაშორისო კანონების მასშტაბური დარღვევა. პრეზიდენტმა დაგმო „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებული რიგი ინიციატივები საჯარო მოხელეების დაქირავებისა და გათავისუფლების შესახებ. მან სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა ჟურნალისტები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ.

პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული რამდენიმე სამართლებრივი ინიციატივა, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მიერ ნიღბის ტარების აკრძალვის შესახებ, და განაცხადა, რომ ეს მათ წაართმევს უფლებას, დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ განიხილავს ე.წ. „ტიტუშკების“ მიერ ნიღბების ტარების, ან პოლიციის მიერ საიდენტიფიკაციო ნიშნების ტარების საკითხებს.

ზურაბიშვილმა ასევე დაგმო მთავრობის ინიციატივა, რომელიც საჯარო სამსახურში რეორგანიზაციის მოტივით საჯარო მოხელეების გათავისუფლების პროცესს ამარტივებს.  

პრეზიდენტმა ასევე  გააკრიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სისტემაში დასაქმების პროცესის გამარტივების მიზნით, დიპლომები აღარ მოითხოვება, რაც, მისი თქმით, ახალი „ტიტუშკების“ დაქირავების მიზნით კეთდება.  „როგორც ჩანს, წესი ხდება, რომ ამ ქვეყანაში დიპლომები არავის არაფერში სჭირდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა, რომელსაც, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰყავდა ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ხარისხი არ გააჩნია.

პრეზიდენტმა ადამიანის უფლებების დარღვევად შეაფასა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები“ გეგმავენ მიმდინარე კვირას ძალადობის უკიდურეს ფორმებს მიმართონ, მათ შორის „2-3 ადამიანი მსხვერპლად შეწირონ“ და ამით ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩაშალონ. პრეზიდენტის თქმით, ეს განცხადება მოქალაქეების დატერორებას ისახავს მიზნად.

პრეზიდენტმა გააფრთხილა, რომ საქართველოში ფუნდამენტური უფლებების დაცვის არარსებობამ ქვეყნის მომავალი საფრთხეში ჩააგდო. მისი თქმით, დღეს ამ ყველაფერზე პასუხი წყვეტს არა მხოლოდ საქართველოს მომავალს, არამედ მთელი ამ რეგიონის მომავალსაც.

ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, მან საერთაშორისო პარტნიორებსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს შემაჯამებელი ანგარიში გაუგზავნა, სადაც მოქალაქეების მიმართ სასტიკი რეპრესიებია ასახული და საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისკენ მოუწოდა, რათა დააკვირდნენ სასამართლო პროცესებს და მოქალაქეები მარტო არ დარჩნენ უკანონო და უსამართლო სისტემასთან.

პრეზიდენტის თქმით, დოკუმენტის მიმღებთა შორის არიან:

  • ვოლკერ თურქი – გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი;
  • ჯინა რომერო – მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი;
  • ირენ ხანი – გაეროს სპეციალური მომხსენებელი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობისა და დაცვის საკითხებში;
  • ელის ჯილ ედვარდსი – გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის საკითხებში;
  • მეთიუ გილეტი – გაეროს თვითნებური დაკავების სამუშაო ჯგუფის მთავარი მომხსენებელი;
  • მარია თელალიანი – დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორი;
  • იან ბრატუ – ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში;
  • მაიკლ ო’ფლაერტი – ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი;
  • ტერეზა მარია რიტერი – წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს, რომელთაგან ბევრი საპროტესტო აქციების დროს პოლიციელებისა და „ტიტუშკების“ სამიზნე გახდა. „თქვენ ხართ ის ფანჯარა, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვხედავთ რაც ხდება“, – მიმართა მათ პრეზიდენტმა და სამოქალაქო თავდადებისთვის ისინი მედლებით დააჯილდოვა. ბოლო ორი კვირის მანძილზე, რამდენიმე ათეული მედია მუშაკი პოლიციის ძალადობისა და დაკავების სამიზნე გახდა, ზოგიერთი მათგანი სერიოზულად დაშავდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button