skip to content
ახალი ამბები

პოლიტიკოსები ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმიანებიან

ევროპარლამენტმა 28 ნოემბერს მიიღო რეზოლუცია „საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო გაყალბების შემდეგ“, რომელიც საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას აღწერს, „ქართულ ოცნებას“ ავტორიტარული კურსის გამო აკრიტიკებს და რიგი ნაბიჯების გადადგმის ინიციატივით გამოდის, როგორიცაა მიზანმიმართული სანქციების დაწესება იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც ამას ხელს უწყობს. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ერთი წლის ვადაში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.

„სამოქალაქო საქართველო“ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურებებს გთავაზობთ:

მმართველი გუნდი

ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი: „რაც არ უნდა ჩაიწეროს ევროპარლამენტის რეზოლუციაში, არ არის არც საინტერესო, ამას აქვს ჩვენთვის ჩალის ფასი, ისევე როგორც ჩალის ფასი ჰქონდა წინა 4 რეზოლუციას. თქვენ იცით, რომ ეს არის ფარატინა ქაღალდი შესაბამისად, სერიოზულად ვერ დავკავდებით ამ დოკუმენტის შეფასებით“.

მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი: „ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ინსტიტუტის მიერ ბოლო წლებში საქართველოსთან მიმართებით   მიღებული რეზოლუციები გამოირჩევა აბსოლუტურად უზუსტო ინფორმაციებით, უზუსტო დებულებებით და მოწოდებებით, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება პარტნიორებს შორის ურთიერთობებს. შესაბამისად, ასეთ პირობებში ძალიან რთულია ესეთი დოკუმენტები, რომელიც აცდენილია რეალურ მოცემულობას, მიიღო სერიოზულად და სერიოზულად ისაუბრო ამ დოკუმენტების შინაარსზე“.

 ოპოზიცია

ნიკა გვარამია, „კოალიცია ცვლილებისთვის“: „ ევროპარლამენტის უპრეცედენტო მკაცრი რეზოლუცია მიღებულია 444 ხმით. მთავარი რომ გამოვყოთ: ახალი არჩევნები ნეიტრალური ადმინისტრაციით; არჩევნების გამოძიება; სანქციები ივანიშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს, კალაძეს და ყველა მოსამართლეს და თანამდებობის პირს, ვინც არჩევნების გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა. ასეა ეს და ახლა ბრიუსელში ევროპარლამენტის აღმასრულებელ შტოსთანაა სამუშაო, რომ ეს ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდეს“.

თინა ბოკუჩავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „მიიღეს რეზოლუცია, რომელსაც სრული მხარდაჭერა ჰქონდა, თუ არ ჩავთვლით სულ რამდენიმე ევროსკეპტიკოსს… რომლებიც ერთადერთ მოკავშირეებად დარჩნენ „ქართულ ოცნებას“.  სრული კონსოლიდაცია არსებობს ევროპარლამენტში იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვებელია არჩევნების აღიარება და არა მარტო არ აღიარება, არამედ, აუცილებელია ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა… ასევე საუბარია ინდივიდუალურ სანქციებზე… ადამიანები, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას და საქართველოს ევროპულ მომავალს, ასევე რეზოლუციაში საუბარია პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მნიშვნელობაზე“.

სალომე სამადაშვილი, „ძლიერი საქართველო“: „ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი შედგა. ევროკავშირმა ფაქტიურად არალეგიტიმურად ცნო 26 ოქტომბრის არჩევნები, რაც არის ძალიან დიდი გამარჯვება სწორედ იმ ხალხის, ვინც ეს დღეები… იბრძოდა და საკუთარ ხმას  უზიარებდა ევროპას. მნიშვნელოვანია, რომ სანქცირებას ითხოვენ 4 კონკრეტული პირის… რაც ნიშნავს იმას, რომ გვითხრეს, რომ არალეგიტიმურია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. ვწუხვარ, რომ ამ რეზოლუციით ჩერდება საქართველოს ევროპული მომავალი და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, შევინარჩუნებთ თუ არა უვიზო მიმოსვლას, რადგან პირდაპირ არის განაცხადი რომ უვიზო მიმოსვლის გადახედვაც უნდა დაიწყოს, მაგრამ ყველას მინდა ესმოდეს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შესაბამისი შედეგი“.

ბექა ლილუაშვილი, „გახარია საქართველოსთვის“: „უნდა დაასანქცირონ და პასუხისმგებლობა დააკისრონ იმ პირებს, ვინც უშუალოდ არის პასუხისმგებელი ამ არჩევნების მოპარვაში და დემოკრატიულ უკუსვლაში, რაც ქვეყანაში ხდება. სხვა ყველაფერი იქნება ქართველი ხალხის დამაზიანებელი და ძალიან მძიმე შედეგების მომტანი.  ამიტომ, ყველა ესეთი დოკუმენტი უნდა ითვალისწინებდეს დიახ, პასუხისმგებლობის დაკისრებას აი, იმ პირებზე“.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button