skip to content
ახალი ამბები

შსს 24-25 ნოემბრის აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდა აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან, „წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად“. შსს-ს განცხადებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა: “ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო”.

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე, 24 ნოემბრიდან, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ იგეგმება რესპუბლიკის მოედანზე შეკრება და შემდგომ პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა.

„მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ შეკრების მიზანს წარმოადგენს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის ხელის შეშლა, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა მეთოდებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს შეახსენებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ „კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ხოლო თუ ქმედება ჯგუფურადაა ჩადენილი – ჯგუფის წევრების მიმართ თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით“.

შსს ასევე ახსენებს საზოგადოებას, რომ 2024 წლის 23 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დადგინდა „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა, რომელთა შორის არის საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები“.

„შესაბამისად, დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად“, – აცხადებს შსს.

შსს-ს განცხადებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა: „ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო … ესეც კიდევ ერთ და მთავარ კონსტიტუვიის პრინციპის – მანიფესტაციის და შეკრენის უფლების – დარღვეცა!  რა მნიშვნელობაა კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია!“

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button