skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სამი ახალი წევრი წარადგინა

25 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სამი ახალი წევრი წარადგინა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი დაიკავებს, რომელიც ამ თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილს შეცვლის.

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილია წარდგენილი, რომელიც ამ პოსტზე რატი ბრეგაძეს შეცვლის.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელად წარადგინეს, რომელიც ოთარ შამუგიას ჩაანაცვლებს.  

მთავრობის ახალი წევრების წარდგენა წინ უსწრებს პარლამენტის პირველ სხდომას, რომელიც 25 ნოემბერს 12:00 საათზეა ჩანიშნული და რომელიც საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართება.

„ქართული ოცნება“ სხდომაზე მარტო იქნება წარმოდგენილი, ვინაიდან ოთხმა ოპოზიციურმა ძალამ, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა, განაცხადა, რომ  პარლამენტში შესვლას არ აპირებს. სხდომას არც საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები დაესწრებიან. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელსაც ჯერ პრეზიდენტის სარჩელი არ განუხილავს. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ პირველი სხდომის ჩატარებას მაინც გეგმავს, რაც, კონსტიტუციონალისტთა თქმით, პროცედურის დარღვევას წარმოადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button