SJC: აქტივისტების გაჭიანურებული პროცესი მართლმსაჯულების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მაგალითია
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (SJC) 21 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 14 მაისიდან პატიმრობაში მყოფი საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმეების გაჭიანურებას ეხება. ორივე მათგანს უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ 2024 წლის გაზაფხულზე მიმდინარე აქციების დროს პარლამენტთან აღმართული 400-ლარიანი რკინის ჯებირის დაზიანებისთვის 3-6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ მათი პატიმრობა „მართლმსაჯულების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებასა და პოლიტიკური აქტიურობისთვის სამაგალითო უსამართლო დასჯას წარმოადგენს“.
მეფარიშვილს და ოკრიბელაშვილს ბრალი სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. ეს მუხლი კოდექსს გასულ წელს დაემატა და საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული პირების მიმართ „უკიდურესად პრობლემურად“ გამოიყენება. „ცვლილებების მიზანშეწონილობა და დასაბუთება არც კანონის პროექტის განმარტებით ბარათში არის მოცემული და არც საჯაროდ გაკეთებულა“, – აღნიშნავს ორგანიზაცია. რკინის ჯებირის დაზიანებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ ამ ტენდენციის გაგრძელება იყო „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძის საქმეც, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა და რომელიც პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა.
„რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებად ყველაზე მკაცრი ზომის, პატიმრობის გამოყენებას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის საფრთხის შემქმნელი თითოეული მიზნის აბსტრაქტული გამოყენება არ უნდა მოხდეს და ის უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულები გავლენას ვერ იქონიებენ პოტენციურ მტკიცებულებებზე, რაც შესაძლოა საქმეში არსებობდეს, პატიმრობის გამოყენების სხვა გარემოება კი არ დგინდება. ამგვარი ინფორმაციის არარსებობის პირობებში კი დაუსაბუთებელია პატიმრობის გამოყენება და არაპროპორციულია სავარაუდოდ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან“, – განმარტავს ორგანიზაცია.
ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაკავებულების პროცესები 2 თვიანი შუალედებით ინიშნებოდა სასამართლოში, ბოლო ორი სხდომა კი მოსამართლის-ნათია გუდაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პროცესი 23 სექტემბერს ჩატარდა, წინასწარი პატიმრობის გადასინჯვის კანონით დადგენილი მაქსიმალური ორ თვიანი ვადა სასამართლომ სრულად გამოიყენა, რადგან ეს ვადა 23 ნოემბერს იწურება. „სასამართლო განხილვების გადადება პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას ემსახურება, ვინაიდან სხდომები არ დასრულდეს მანამ, სანამ პრეზიდენტისგან შეწყალების შესაძლებლობა არსებობს“, – აცხადებს ორგანიზაცია (მოქმედი პრეზიდენტის ვადა 2024 წლის დეკემბერში იწურება).
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ეს საქმე „კიდევ ერთხელ ააშკარავებს ერთი მხრივ უსამართლო სისხლის სამართლის პოლიტიკასა და არაპროპორციულად მკაცრ სასჯელებს, მეორე მხრივ კი ცხადად მიუთითებს პროკურატურისა თუ სასამართლოს პოლიტიზირებაზე“. „რეჟიმი ლეგიტიმაციის შენარჩუნებას და საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას სისხლის სამართლის არაპროპოციული და უსამართლო კანონმდებლობის გამოყენებით ცდილობს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„საქმის მიმდინარეობის ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მხოლოდ სარწმუნო და ობიექტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ოპტიმალურ ვადაში გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის მიმართ“, – დასძენს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
22 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნათია გუდაძემ ბრალდებულების წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა.
ასევე წაიკითხეთ:
- 21/11/2024 – თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ დაკავებულ აქტივისტს რვადღიანი პატიმრობა მიუსაჯა, კიდევ ერთი დააჯარიმა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)