სამართლიანი არჩევნების, ჩემი ხმისა და საიას ერთობლივი შეფასება არჩევნების შესახებ
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნეს.
შეფასებაში ნათქვამია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ჯამურად, ორგანიზაციების 3500-ზე მეტი დამკვირვებლის მიერ გამოვლენილი „ფართომასშტაბიანი, სისტემური დარღვევები სერიოზულ ეჭვებს აჩენს არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით“. ორგანიზაციების მიგნებების დეტალური ანალიზი აჩვენებს იმ მანიპულაციებს, რითაც „არჩევნები მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაყალბდა“.
„სამართლიანი არჩევნების“ მიგნებებში საუბარია ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა ხმების მოსყიდვა და მრავალჯერადი ხმის მიცემა, მარკირების პროცედურების დარღვევა, პრაქტიკულად გამორიცხული ან არაბუნებრივი განსხვავებები ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის, და სხვა. „სამართლიანი არჩევნების“ აცხადებს, რომ არჩევნები არ ასახავდა საზოგადოების ჭეშმარიტ ნებას. „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის მონაცემები შეესაბამება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სისტემური დაშინების, მათი ნების კონტროლისა და მოსყიდვის ფაქტების გათვალისწინებით, ეს დამთხვევა არჩევნებს ვალიდურობას არ სძენს. „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნით, წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა იძულების, არჩევნების დღის მანიპულაციებისა და დამკვირვებელთა უფლებების შეზღუდვის ფაქტებმა ცხადყო, რომ არჩევნები საზოგადოების ჭეშმარიტ ნებას არ ასახავს.
„ჩემი ხმა“ აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა „არჩევნების დღემდე პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევასა და პირადი მონაცემების შეგროვებას“, ასევე მარკირების გაკეთების პრობლემებს, დამკვირვებლების უფლებების სისტემურ შეზღუდვას, ხმის ფარულობის დარღვევას და სხვა. სადამკვირვებლო მისიის მტკიცებით, საარჩევნო დარღვევები არა შემთხვევით, ცალკეულ ფაქტებს წარმოადგენდა, არამედ ისინი საბოლოო შედეგების შეცვლაზე გათვლილი ფართო სქემის ნაწილი იყო. „პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევის, მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის შეგროვებისა და არაუფლებამოსილი პირების ყოფნის ფაქტები ძალადობრივ გარემოს ქმნიდა. კოალიციის მიერ გამოვლენილი მტკიცებულებები საარჩევნო ადმინისტრაციისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან რეაგირების ნაკლებობაზე მიანიშნებს, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფო აქტორების მხრიდან არჩევნების გაყალბების პროცესში თანამონაწილეობის შესახებ მოსაზრებას ამტკიცებს“, – აცხადებს მისია.
საია ასევე საუბრობს ხმის მიცემის ფარულობასა და ამომრჩეველთა დაშინებასთან, მარკირებასთან და დამკვირვებელთა დაშინებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე. ორგანიზაციის თქმით, არჩევნების კენჭისყრის დღე წარიმართა მნიშვნელოვანი დარღვევებით და დიდწილად ხასიათდებოდა უთანასწორობით, ძალადობითა და დაძაბულობით. საია მიიჩნევს, რომ არჩევნების დღეს მასშტაბურად დაირღვა კენჭისყრის ფარულობის პრინციპი, რაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების დარღვევას წარმოადგენს.
კვირის დასაწყისში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ხმის მიცემის საიდუმლოებისა და ხმის მიცემის საყოველთაობის კონსტიტუციური პრინციპების დარღვევის ბრალდებით. პრეზიდენტის სარჩელი სასამართლომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა, თუმცა მისი წარმოებაში მიღების ვადების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ანალოგიური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის 30 ოპოზიციონერმა წევრმაც შეიტანა.
საიამ გამოვლენილი დარღვევების გამოძიების თხოვნით პროკურატურას მიმართა და საოლქო კომისიებისგან იმ უბნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდა. სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“ ასევე მოუწოდა პროკურატურას ცესკოს წევრების წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება. თუმცა, პროკურატურამ საჩივრები არ დააკმაყოფილა.
7 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას და „ჩემი ხმის“ საჩივრები ხმის მიცემის ფარულობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით.
ასევე წაიკითხე:
- 20/11/2024 – ამიხსენი | რას ნიშნავს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი ახალი პარლამენტისთვის
- 19/11/2024 – პრეზიდენტმა არჩევნების კონსტიტუციურობა სასამართლოში გაასაჩივრა
- 30/10/2024 – საია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)