2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობისთვის მსჯავრდებულმა ორმა პირმა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა
ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულმა დავით კუტალაძემ და თორნიკე დავლაშერიძემ საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გათავისუფლდნენ.
საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება თორნიკე დავლაშერიძის ადვოკატზე, გელა ნიკოლეიშვილზე დაყრდნობით, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელის 1/6 მოაკლდა და რომ მან უკვე დატოვა ქსნის მე-15 პენიტენციური დაწესებულება.
გავრცელებული ინფორმაციით, 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულმა კიდევ რამდენიმე პირმა დატოვა საპატიმრო, თუმცა მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
2022 წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვს პირს – აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს და გია გიგუაშვილს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასა და აწ უკვე გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და პირველი არხის ოპერატორზე 5 ივლისის ძალადობის საქმეზე.
თუმცა, გასულ წელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ნაწილში გაამართლა მსჯავრდებულები და მათ სასჯელი 5-დან 4-წლამდე შეუმცირა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „საგანგაშო“ უწოდა მედიის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებამ „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ და განაცხადა, რომ „განაჩენი ჟურნალისტების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგი ნაბიჯია“.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“ (საია) გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ეს წარმოადგენს 2021 წლის 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე სიძულვილის ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითს, რაშიც უპირველესი როლი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას მიუძღვით, როგორც გამოძიების წარმართვასა და ბრალის წარდგენაზე უფლებამოსილ ორგანოებს“.
2021 წლის ივლისის მოვლენებისას, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური თავდასხმისას, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. ჰომოფიბიური ძალადობის საქმეზე სამართალდამცველებმა ჯამში 31 პირი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებზე ძალადობისთვის. სასამართლომ ყველა მათგანი დამნაშავედ ცნო.
საგულისხმოა, რომ სამართალდამცველ ორგანოებს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ გამოუვლენია და ბრალი ჯერ არავისთვის წაუყენებია, რის გამოც ისინი არაერთხელ გახდნენ სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის სამიზნე.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
- 06/12/2022 – ომბუდსმენი 2021 წლის 5 ივლისის საქმის „არაეფექტიან“ გამოძიებაზე საუბრობს
- 05/07/2022 – სტრასბურგის სასამართლომ 5 ივლისს საქმეზე „თბილისი პრაიდის” სარჩელი მიიღო
- 06/04/2022 – სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე ბრალდებული კიდევ 7 პირი დამნაშავედ ცნო
- 05/04/2022 – 5 ივლისის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ კიდევ 14 პირი ცნო
- 08/01/2022- „საიამ“ 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებულთა სახელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)