სოციალური სამართლიანობის ცენტრი ხელისუფლებას აფხაზეთთან დაკავშირებით უმოქმედობის გამო აკრიტიკებს
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით „კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელისუფლებას პრაქტიკულად არ გააჩნია სათანადო სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტების რეგიონებთან მიმართებით. მეტიც, მისი დუმილისა და უმოქმედობის პოლიტიკა ფაქტობრივად იწყნარებს რუსულ ანექსიას ამ რეგიონში და საბოლოოდ, განაპირობებს მნიშვნელოვანი ისტორიული შესაძლებლობების დაკარგვას ნდობის აღდგენისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით“.
ბოლო დროს აფხაზეთში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავეს. ესკალაცია, როგორც ჩანს, უკავშირდება ქალაქ გუდაუთაში გამართულ საჯარო დებატებს სადავო საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც რუსული „ინვესტიციების“, ასევე მიწისა და ქონების საკუთრების დაკანონებას ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხზე რეაგირება ჯერ არ ყოფილა.
„ამ მოვლენების საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში დუმილისა და უმოქმედობის პოლიტიკას ირჩევს. ის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე თავს იკავებს პოლიტიკური განცხადებებისგანაც კი, რომელიც რუსეთის ანექსიურ პროცესებს გააკრიტიკებდა და დაგმობდა“, – აცხადებს ორგანიზაცია. „ცხადია, რომ ეს მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენულ ინტერესებსა და ამ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს“.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ მმართველი პარტიის „დუმილისა და უმოქმედობის პოლიტიკა“ ნათლად მიუთითებს, რომ „უკვე წლებია ხელისუფლებას არ გააჩნია ხედვა და სტრატეგია რუსულ ანექსიურ პროცესებზე რეაგირებისთვის“. „ხელისუფლება ვეღარ იცავს ბალანსს რუსეთის მიმართ არგაღიზიანების პოლიტიკასა და ეროვნული ინტერესების დაცვას შორის და უმოქმედობის მიდგომები აძლიერებს აფხაზეთში რუსეთის ექსპანსიისა და ანექსიური პროცესების შეწყნარებისა და ნორმალიზების დისკურსსა და განცდას“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ხაზს უსვამს რა, რომ აფხაზეთში რუსეთის ეკონომიკური დომინაციის გაძლიერება მთლიანად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევაა, ორგანიზაცია აცხადებს, რომ „საქართველოს ხელისუფლების მუშაობა უნდა გულისხმობდეს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უფრო ფართო მიზანზე აპელირებას და დიპლომატიური მუშაობის გაძლიერებას საერთაშორისო ინტერესის და დღის წესრიგის შესაქმნელად. სამწუხაროდ, ეს ფართო რეგიონალური პერსპექტივა და საერთაშორისო დონეზე მუშაობის ძალისხმევა სრულად უგულებელყოფილია ხელისუფლების პოლიტიკაში“.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ხელისუფლებას იმის გამოც საყვედურობს, რომ ვერ შეიმუშავა სამშვიდობო პოლიტიკა და აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციაზე აქცენტი ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენისა და აფხაზეთთან დიალოგისა და მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას. თუმცა, ორგანიზაციის თქმით, ოკუპირებული რეგიონის საკითხმა კიდევ ერთხელ აჩვენა „ქართული ოცნების“ ანტიევროპული საგარეო პოლიტიკა „რამდენად დამაზიანებელია სამშვიდობო პოლიტიკისა და კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით“.
„მიმდინარე პროცესები და „ქართული ოცნების” ხელისუფლების პოზიციონირება ცხადყოფს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები კონფლიქტების მოგვარების ახალი შესაძლებლობების შესახებ მხოლოდ წინასაარჩევნო მანიპულაცია იყო და მის მიღმა არ დგას ხელშესახები შინაარსი და მცდელობები“, – აცხადებს ორგანიზაცია. „ამდენი წლის შემდეგაც კი, „ქართული ოცნების” მთავრობას წინა ხელისუფლების მიერ მიღებული სამშვიდობო პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტი არ განუახლებია“.
„მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის აქტიური განხილვის საგნად იქცეს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური დიალოგი, რათა შეცვლილი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, შემუშავდეს და შეთანხმდეს ახალი ტიპის, დემოკრატიული და ევროპული სამშვიდობო პოლიტიკა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 14/09/2024 – ივანიშვილი გორში გარე ძალებს და „ნაციონალურ მოძრაობას“ 2008 წლის ომში ადანაშაულებს და „ოს ძმებსა და დებს“ ბოდიშს უხდის
- 04/09/24 – კრემლმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- 20/08/2024 – მმართველი პარტია ასახელებს ოთხ მიზეზს, რის გამოც კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება სურს
- 15/08/2024 – დმიტრი ვოლვაჩი: მოსკოვსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „კანონმდებლობის ჰარმონიზაცია“ ძირითადად დასრულებულია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)