skip to content
ახალი ამბები

დმიტრი ვოლვაჩი: მოსკოვსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „კანონმდებლობის ჰარმონიზაცია“ ძირითადად დასრულებულია

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა 14 აგვისტოს განაცხადა, რომ მოსკოვმა და სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ძირითადად დაასრულეს „კანონმდებლობის ჰარმონიზაციის“ პროცესი მას შემდეგ, რაც თითქმის ოთხი წლის წინ ხელი მოაწერეს პროგრამას „ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების შესახებ“.

„საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის განხორციელების ერთობლივი რუსულ-აფხაზური სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ“ რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ „რუსეთისა და აფხაზეთის კანონმდებლობის დაახლოების შესახებ პროგრამის დასკვნითი ეტაპი“ 2025 წლისთვისაა დაგეგმილი.

„წინა სამწლიანი პერიოდის განმავლობაში, რუსეთისა და აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა სხვადასხვა ორმხრივ ხელშეკრულებებსა და მემორანდუმებს, მიღებულ იქნა რესპუბლიკის ახალი ნორმატიული აქტები, რომლებიც მიზნად ისახავს ორი ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოებას სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა ელექტროენერგეტიკა და საბაჟო რეგულირება, საინვესტიციო და საბანკო საქმიანობა, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალური საკითხები“, – ნათქვამია პრესრელიზში.

„ამჟამად ჩვენი ქვეყნების ორგანოებს შორის კონსულტაციები დასასრულს უახლოვდება. დაგეგმილი აქტივობების უმეტესობაზე მუშაობა დასრულებულია“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის „ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა“ კრისტინა ოზგანმა.

პროგრამა, რომელიც „ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ რუსეთ-აფხაზეთის 2014 წლის ხელშეკრულებას ეფუძნება, 2020 წლის 23 ნოემბერს გამოცხადდა მას შემდეგ, რაც იმავე წლის 12 ნოემბერს სოჭში აფხაზეთის ლიდერის ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართა.

დოკუმენტი, რომელიც ცვლილებების განსახორციელებლად 2-3 წლიან ვადას განსაზღვრავს, შეიცავს 45 დამოუკიდებელ პუნქტს, რომელიც აფხაზურ მხარეს ავალდებულებს რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად შეიტანოს საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ცვლილებები სოციალურ, ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და პოლიტიკურ სფეროებში, როგორიცაა სოხუმს და მოსკოვს შორის ორმაგი მოქალაქეობის რეგულირება, სამედიცინო მომსახურების შესახებ სამართლებრივი აქტის მიღება, რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საინვესტიციო პარტნიორობის შესახებ კანონის შემუშავება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button