skip to content
ახალი ამბები

სახელისუფლებო მედია, სოციალური მედიის გვერდები და ინდივიდუალური პირები ვლადიმერ ხუჭუას დისკრედიტაციის კამპანიას ახორციელებენ

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა,  რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითიც 30 უბნის შედეგი გაბათილდა, „ქართული ოცნებასთან“ აფილირებული მედია საშუალებების, სოციალური მედიის ანონიმური გვერდებისა და ინდივიდუალური პირების მხრიდან დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე გახდა, განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED).

„სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე სოციალური მედიის პლატფორმებზე – ფეისბუქსა და ტიკტოკზე – მოსამართლის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი გზავნილების გავრცელება დაიწყო“, – განაცხადა ISFED-მა. „კამპანიაში ჩართული იყვნენ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები (იმედი, Info9, ნიუსჰაბი, POSTV), ანონიმურად მოქმედი ანტიოპოზიციური გვერდები და ანგარიშები, პროსახელისუფლებო აქტორები და ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები. აღსანიშნავია, რომ პოსტები დროის მცირე შუალედში, იდენტური გზავნილებით გავრცელდა“.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) სარჩელი იმის თაობაზე, რომ არჩევნების დროს ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა, ვინაიდან ბიულეტენები იმდენად თხელი იყო, რომ შესაძლებელი იყო ქაღალდის მეორე მხარეს დანახვა, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.

ხუჭუას გადაწყვეტილებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა, რომელსაც ტვიტერზე დაწერა: „ერთმა მოსამართლემ გაბედა და აღიარა, რომ ელექტრონულმა მანქანებმა დაარღვია ხმის მიცემის ფარულობა. გაუქმდა 30 უბანი, საუბარია 2200-ზე… და არჩევნების ლეგიტიმურობაზე!!!“

„სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ ვლადიმერ ხუჭუას წინააღმდეგ განხორციელებულმა დისკრედიტაციის კამპანიამ ის ოპოზიციის სასარგებლოდ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მისი მეუღლე ოპოზიციის მხარდამჭერია. „პროსახელისუფლებო აქტორები სოციალურ მედიაში ხუჭუას ცოლს „რადიკალური ოპოზიციის აქტივისტად“ მოიხსენიებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ხუჭუამ სწორედ მისი გავლენით მიიღო გადაწყვეტილება“, – აცხადებს ISFED-ი და დასძენს, რომ მადისკრედიტირებელი შინაარსის პირველი პოსტი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე ტელეკომპანია „იმედმა” გამოაქვეყნა და დაარეკლამა. ორგანიზაციის თქმით, „იმედთან“ ერთად, მსგავს ნარატივებს „POSTV-ის“ გვერდები, ანონიმურად მოქმედი ანტიოპოზიციური გვერდები და ტიკტოკ ანგარიშებიც ავრცელებდნენ.

„ფეისბუქზე“ გავრცელებულ „იმედის“ ნიუსში წერია: „პირველი ინსტანციის მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ რამდენიმე უბნის შედეგები გააბათილა. ხუჭუას ცოლი ელზა გურგენიძე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტია“.

სახელისუფლებო POSTV-ის პოსტში წერია: „ცოლი აქციიდან, ქმარი სასამართლო დარბაზში. ხუჭუა/გურგენიძის ოჯახი რადიკალური ოპოზიციის სამსახურში“.

„სამართლიანი არჩევნები“ სოციალური მედიის სხვა მსგავს პოსტებსაც ასახელებს, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა ანონიმურმა გვერდებმა და ინდივიდუალურმა პირებმა გაავრცელეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ასევე გამოეხმაურნენ სახელისუფლებო აქტორებიც, მათ შორის, ანტიდასავლური მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები და ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები. ფეისბუქზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერმა, ვატო შაქარიშვილმა, გაავრცელა სტატუსი, რომელშიც გადაწყვეტილების ინიციატორად დასავლეთი იყო წარმოჩენილი.

„პოსტების ნაწილი სიძულვილის ენის შემცველი იყო. მათ შორის, ვრცელდებოდა სექსისტური და შეურაცხმყოფელი, გზავნილები. გამოქვეყნებულ პოსტებში, ძირითადად, მითითებული იყო, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე მისმა ცოლმა მოახდინა გავლენა. ამასთანავე, მედიასაშუალებამ „POSTV“ ხუჭუას ოჯახის შესახებ ჰომოფობიური შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა“, – აცხადებს ISFED-ი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button