პროკურატურამ არჩევნების გაყალბების გამოძიების ფარგლებში ლონდა თოლორაია დაიბარა
ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ 4 ნოემბერს განაცხადა, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების გამოძიების ფარგლებში იგი პროკურატურაში დაიბარეს.
თოლორაიას თქმით, იგი მხოლოდ სასამართლოში გამოკითხვას დათანხმდა და უარი თქვა მისულიყო პროკურატურაში, რომელიც, მისი თქმით, „სრულად უმოქმედო იყო და არ შეასრულა მისი არც პრევენციული, არც საგამოძიებო და არც საზედამხედველო როლი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში“.
„თუ რეალურად მნიშვნელოვანია ამ უწყებისთვის ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია… მივალ სასამართლოში, სადაც მინიმუმ ერთით მეტი ადამიანი მოისმენს როგორი უმოქმედო იყო პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, – წერს თოლორაია „ფეისბუქზე“.
თოლორაიამ განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდიდან დაწყებული დღემდე, პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებას სთხოვდა პირადობის მოწმობების ჩამორთმევის გზით ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებზე; პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების ფაქტებზე; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩეველთა ზეწოლის, არჩევნების გაყალბების ფაქტებზე; ცესკოს წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილ სამოხელეო დანაშაულებზე.
„ყველა მოწოდებაზე იყო და არის სრული მდუმარება: არც გამოძიების დაწყების/არდაწყების შესახებ გაგვაგებინა ვინმემ და არც ჩვენი ჩვენებებით დაინტერესებულა არც ერთი საგამოძიებო უწყება, არ გავრცელებულა არც ერთი საჯარო განცხადება, პრევენციულიც კი სანამ ცესკომ არ მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით“, – აღნიშნა თოლორაიამ.
მისივე თქმით, პროკურატურას და საგამოძიებო უწყებებს რომ ემოქმედათ წინასაარჩევნო პერიოდში, „ახლა ამ რეალობის წინაშე არ ვიდგებოდით“.
მანამდე, თოლორაიამ ცესკო არჩევნების გაყალბების სქემებში მონაწილეობაში დაადანაშაულა.
30 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ ცესკოს მომართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე და გამოკითხვის მიზნით საგამოძიებო უწყებაში საქართველოს პრეზიდენტი დაიბარა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ის პროკურატურაში არჩევნების გაყალბების ბრალდებებზე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს მისი განცხადებების გამო, რომ გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა. მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ თუ გაყალბების რეალური საქმეების გამოძიება დაიწყება, მაშინ ისინი პროკურატურაში წავლენ და ყველა მტკიცებულებას წარუდგენენ.
ასევე წაიკითხეთ:
- 04/11/2024 – „ჩემი ხმა“ცესკოს გაყალბების სქემებში მონაწილეობაში ადანაშაულებს
- 27/10/2024 – ჩემი ხმა“ გაყალბების „კომპლექსურ სქემაზე“ საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური)