სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
სოხუმის დაცემის 31-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. წლისთავი „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული „მშვიდობის“ მხარდამჭერი კამპანიისა და სამოქალაქო საზოგადოებისა და „უცხოელი პატრონების“ მხარდაჭერით ოპოზიციის მიერ „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობის თაობაზე გაჟღერებული ბრალდებების ფონზე აღინიშნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის წევრებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად თბილისში, გმირთა მოედანზე მდებარე ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულთა მემორიალი მოინახულეს და გარდაცვლილ გმირებს პატივი მიაგეს.
„27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოს და თავი შესწირეს ერთიანი საქართველოს იდეას. ამ გმირებს ჰქონდათ ოცნება, ეს იყო ოცნება ერთიან საქართველოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ოცნება აუცილებლად ახდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტებთან საუბრისას.
შემდეგ მან ოპოზიციას საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყება წინა ხელისუფლებას დააბრალა და პირობა დადო, რომ „ქართული ოცნება“ არ დაუშვას საქართველოს „უკრაინიზაციას“.
მმართველი პარტიის „მშვიდობის“ მხარდამჭერმა რიტორიკამ ბევრი ქართველის გონებაში საბჭოთა პროპაგანდისტული პლაკატები გააღვიძა, რომლებიც ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელში და რომლებზეც საბჭოეთის ბრძოლა იყო ასახული მშვიდობისთვის და ქვეყნების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის დასავლური მილიტარიზმის წინააღმდეგ.
მსგავსება კიდევ უფრო მას შემდეგ გამყარდა, რაც მოქალაქეებმა მთელი დედაქალაქის მასშტაბით „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერები იხილეს, სადაც ომით განადგურებული უკრაინის საპირისპიროდ მმართველი პარტია ამომრჩეველს „მშვიდობას“ სთავაზობდა. „დღეს ჩვენ საზოგადოებას ვახსენებთ იმას, თუ რა შედეგები მოჰყვება ომს და ზოგადად რა ავიცილეთ თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის 2022, 2023 წელს და რა უნდა ავიცილოთ თავიდან, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე გამართლებული იქნებოდა თუ არა, რომ უკრაინას აფხაზეთის ომის კადრები გამოეყენებინა. „მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ ამ კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კობახიძემ უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომელმაც დაგმო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერები, და განაცხადა: „მიუღებელი არის ის, რაც ხდება უკრაინაში… რაც შეეხება ომისა და მშვიდობის შედარებას, ეს არის პრინციპული, რათა საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი, რადგან რაც არის გამოსახული სურათებზე, არის ის, რაც თავიდან ავირიდეთ, სხვათა შორის ძალიან დიდი ბრძოლის ფასად. 2022-23 წლებში ჩვენს ქვეყანას ელოდებოდა იგივე ბედის გაზიარება ჩვენ რომ სწორი ნაბიჯები არ გადაგვედგა და იმავეს აპირებენ ვიღაც ვიღაცები ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, თუ ღმერთმა არ ქნას და საზოგადოებამ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება… საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი“.
პრემიერ-მინისტრს ასევე სთხოვეს კომენტარის გაკეთება გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლასთან დაკავშირებით, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას მას რუსეთი საერთოდ არ უხსენებია. „საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „ეს ვერ ვაღიარებინეთ ევროკავშირს, სხვათაშორის“. თუმცა, პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება ეწინააღმდეგება ევროკავშირის განცხადებებსა და დოკუმენტებს, სადაც ევროკავშირი მუდმივად ახსენებს რუსულ ოკუპაციას.
კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ხელისუფლება 2008 წელს ომის დაწყებაში: „2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაც მოგვიანებით აღიარა ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით“. კითხვაზე, რუსეთი არის თუ არა დამნაშავე ომის დაწყებაში, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „ომში დამნაშავე როგორ არ არის“, თუმცა დასძინა, რომ ომის დაწყება სააკაშვილის ბრალია.
„ვერაფერი გაანელებს ამ ტკივილს, თუმცა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გადავდგათ ურთიერთმიტევებისა და შერიგების კონკრეტული ნაბიჯები“, – დაწერა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქზე“. „მწამს, რომ განვითარებით, ურთიერთპატივისცემით, მიტევებითა და მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი ნდობის აღდგენა, ერთმანეთის დაბრუნება, და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა“.
სოხუმის დაცემის 31-ე წლისთავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ.
„ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ იმ ადამიანების ღვაწლი გვახსოვდეს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, რომელმაც თერჯოლაში გმირთა მემორიალი მოინახულა.
„ეს არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთი-ერთი ყველაზე ტრაგიკული და მტკივნეული ეპიზოდი, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს თუ ვინ არის ნამდვილი მტერი და ვინ მოკავშირე“, – დაწერა პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „ფეისბუქზე“.
„ამ ტრაგიკულ დღეს, მჯერა, როგორც ეს პატარა გადავიდა ადიდებულ მდინარეზე საცალფეხო ხიდით, ისე გაივლის ჩვენი სამშობლო სიცოცხლის გზას ბედნიერებისკენ, დასავლეთისკენ, გაერთიანებისკენ! მშვიდობაც იქნება, სიმშვიდეც და წარმატებაც! იქნება ყველგან, სადაც საქართველოა!“, – დაწერა „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ „ფეისბუქზე“.
სოხუმის დაცემის 31-ე წლისთავს აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა: „დღეს სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა, თუმცა ამ დამამუნჯებელი ტრაგედიის ხსოვნას დღემდე ცხადად ატარებს საქართველოს ათასობით მოქალაქე. მათ მსხვერპლსა და თავდადებას თქვენთან ერთად მივაგებთ პატივს“. დაღუპულ გმირებს თბილისის მემორიალთან აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმაც მიაგო პატივი.
რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის დაცვის მოტივით, თბილისმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო ძალები 1992 წელს გაგზავნა. 1993 წლის 16 სექტემბერს, 27 ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხების დარღვევით, აფხაზი ბოევიკებისა და რუსეთის ფედერაციიდან დაქირავებულების მიერ სოხუმზე თავდასხმის შემდეგ, სამთავრობო ძალები იძულებულნი გახდნენ, რომ რეგიონი დაეტოვებინათ. რამდენიმედღიანი ქუჩის ბრძოლების შემდეგ, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.
27 სექტემბერი საქართველოში აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვასთან და ქართველების ეთნიკურ წმენდასთან ასოცირდება. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული კონფლიქტის დროს 12 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 000 ადამიანი, ძირითადად ეთნიკური ქართველები, დევნილად იქცა.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/09/2023 – სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)