ახალი ამბები

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა

სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებმა, თბილისის მერმა, ოპოზიციის ლიდერებმა და რიგითმა მოქალაქეებმა სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავზე, თბილისში, გმირთა მოედანზე მდებარე ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულთა მემორიალი მოინახულეს და გარდაცვლილ გმირებს პატივი მიაგეს.

„ომმა მძიმე კვალი დაამჩნია ჩვენს ქვეყანას – ეთნიკურმა წმენდამ ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია, რაც ყველაზე სამწუხაროა, ტრაგიკულად შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე“, – იტყობინება მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით. „რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება კვლავაც ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება“, – აღნიშნა პრემიერმა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ საქართველოს ერთგულება დაადასტურა.  

თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დაწერა „ფეისბუქზე“, რომ „მშვიდობას, განვითარებას არა აქვს ალტერნატივა, რათა ისევ გაერთიანდეს ჩვენი სამშობლო და ყველამ ერთად შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის თქმით, სოხუმის დაცემის დღე „განუზომელი ტკივილის განსახიერებაა“ და „ის აცოცხლებს ასობით ათასი ადამიანის ტრაგიკულ ისტორიას, რაც შედეგად მოჰყვა რუსეთის მიერ ინსპირირებულ 90-იანი წლების შეიარაღებულ მოქმედებებს“. მან ასევე გაიხსენა „აფხაზთა და ქართველთა ერთმანეთის ღირსეული თანადგომის, ადამიანური თანაგრძნობის და მხარდაჭერის,  მეგობრობის მაგალითებიც, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში მშვიდობიანი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრების ისტორია აკავშირებდათ“.

წლისთავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა: „დღეს გვაქვს შანსი, რომ ეს განწირული სულისკვეთება უშედეგოდ არ იყოს ჩავლილი, გამოვიყენოთ ეს გეოპოლიტიკური მოცემულობა და აღვიდგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა“.  

გიგა ბოკერიამ „ევროპული საქართველოდან“ აღნიშნა, რომ რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია და შემდეგ აფხაზეთში ქართველების გენოციდი მოაწყო. „სამწუხაროდ, მაშინ, ბევრი ფაქტორის გამო, ეს ძირითადად ეთნიკურ კონფლიქტად შეფასდა, რაც რუსეთის ინტერესებში შედიოდა… დღეს, დაგვიანებით, მაგრამ ამ ბოროტების წინააღმდეგ, რასაც რუსეთის ფედერაცია ჰქვია, თავისუფალი სამყაროს პოზიცია მყარი ხდება… ეს საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, რომ ეს სიმართლე გაიტანოს“, – განაცხადა მან.

გიორგი ვაშაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა განაცხადა: „იმაზე დიდი მიზანი და იდეა, ვიდრე საქართველოს გაერთიანებაა, ქართულ სახელმწიფოს არ აქვს და ამ გზაზე მთავარი ფაქტორი არის ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატოსთან ერთად“.

აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ „რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ სოხუმის დაცემის 30 წლისთავზე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს ათობით ათასი დაღუპული ადამიანის ხსოვნას. უამრავ დაკარგულ სიცოცხლესთან ერთად ამ ტრაგედიას ასობით ათასი ადამიანის მიერ სახლის დაკარგვა მოჰყვა. ჩვენ გვახსოვს 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე“.

რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის დაცვის მოტივით, თბილისმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო ძალები 1992 წელს გაგზავნა. 1993 წლის 16 სექტემბერს, 27 ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხების დარღვევით, აფხაზი ბოევიკებისა და რუსეთის ფედერაციიდან დაქირავებულების მიერ სოხუმზე თავდასხმის შემდეგ, სამთავრობო ძალები იძულებულნი გახდნენ, რომ რეგიონი დაეტოვებინათ. რამდენიმედღიანი ქუჩის ბრძოლების შემდეგ, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

27 სექტემბერი საქართველოში აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვასთან და ქართველების ეთნიკურ წმენდასთან ასოცირდება. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული კონფლიქტის დროს 12 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 000 ადამიანი, ძირითადად ეთნიკური ქართველები, დევნილად იქცა.

ასევე წაიკითხეთ:

27/09/2022 – სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button