skip to content
ახალი ამბები

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ოკუპაციაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრ კობახიძეს რუსეთი არ უხსენებია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის წარმატებულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა უკრაინასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას რუსეთი საერთოდ არ უხსენებია.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსვლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქებით დაიწყო, რა დროსაც განაცხადა, რომ „ჩვენი ხელისუფლების რწმენით, საქართველო ბუნებრივად იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა“.   

მისი თქმით, მართალია მსოფლიომ უნდა გააამახვილოს ყურადღება ისეთ გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა განვითარება და პრობლემების გადაჭრა, „უკრაინაში მიმდინარე ომმა წარმოშვა უპრეცედენტო მასშტაბის გაურკვევლობა და ჰუმანიტარული კრიზისი“.  კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში „კვლავინდებურად მტკიცე და ურყევია“. ამ კონტექსტში მას რუსეთი საერთოდ არ უხსენებია.

მშვიდობის თემაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ძალისხმევა მიზნად ისახავს „სამხრეთ კავკასიის რეგიონის გარდაქმნას კონფლიქტების რეგიონიდან შესაძლებლობების რეგიონად“. „ჩვენ მივესალმებით მშვიდობიანი შეთანხმების პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კერძოდ კი იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ“, – აღნიშნა მან.

შემდეგ პრემიერ-მინისტრმა საქართველოს სტრატეგიულ ადგილმდებარეობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ქვეყნის „მტკიცე ურთიერთობებს“ ჩინეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს „წამყვან მოთამაშეს რეგიონულ და ფართო ევრაზიულ კონტექსტში“. მან ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანზიტო როლს და „შუა დერეფნის“ პროექტში ქვეყნის როლიც ახსენა.

კობახიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა სხვადასხვა მაჩვენებლებით წინ უსწრებს ევროპულ და მსოფლიოს  სხვა ქვეყნებს.

შემდეგ მან მოკლე კომენტარი გააკეთა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ზრდას და ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უკეთეს, უფრო ძლიერ და უფრო ღირსეულ საქართველოში“. რუსეთი მან ამჯერადაც არ ახსენა.

 შემდეგ მან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ხალხს მიმართა: „ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს და ერთ დღეს ჩვენ, ჩვენს შვილებთან ერთად, შევძლოთ ერთად ცხოვრება ბედნიერ, გაერთიანებულ და განვითარებულ საქართველოში“.

გამოსვლის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა „მოწოდებულნი ვართ, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავძლიოთ ჩვენ წინაშე მდგარი ყველა გამოწვევა და გავხდეთ უფრო ძლიერნი და წარმატებულნი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ“.

„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება“, – დასძინა მან.

გამოსვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხელისუფლების „ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა“. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ოსებისთვის 2008 წლის ომის გამო ბოდიშის მოხდის ინიციატივით გამოვიდა, კობახიძემაც განაცხადა, რომ „მშვიდობიანი გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გზა ამ მიმართულებით გადის, რა თქმა უნდა, ურთიერთპატიებასა და ურთიერთშერიგებაზე“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button