რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოდირს არჩევნების წინ საქართველოში სიტუაციის „დაძაბვაში“ ადანაშაულებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გაიმეორა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) მეშვეობით საქართველოს არჩევნებში „ჩარევას“ გეგმავს, და ოდირი არჩევნების წინ სიტუაციის „დაძაბვაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, ზოგჯერ რუსეთი „მეგობარი ქვეყნების თხოვნით ოდირის მისიებში რუს დამკვირვებლებს აგზავნის“,
ზახაროვას თქმით, თუ დასავლეთს არჩევნების შედეგები არ მოეწონება, „ბიუროს დასკვნა შესაძლოა პროტესტისა და შედეგების გასაჩივრების საბაბი გახდეს, რაც მორიგ ‘ფერად რევოლუციას’ გამოიწვევს“.
თავის კომენტარში ზახაროვა „კოლექტიურ დასავლეთზე“ ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ოდირი არის „ინსტრუმენტი კოლექტიური დასავლეთის ხელში“ იმისათვის, რომ აგრესიულად ჩაერიოს სუვერებული სახელმწიფოების შიდა საქმეებში, პირველ რიგში კი არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების მექანიზმის მეშვეობით. ზახაროვამ ასევე განაცხადა, რომ ოდირი მისთვის მიცემულ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და ისეთ დასკვნებს დებს, როგორსაც მისგან მისი დამკვეთები ელიან.
მისი თქმით, „ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთი გზა არის ‘შუალედური ანგარიშების’ გამოქვეყნება წინასაარჩევნო ვითარების შეფასებებით, რომლებიც, როგორც წესი, არჩევნების დღემდე ორი კვირით ადრე ქვეყნდება“. ზახაროვა ასევე ამბობს, რომ ანგარიშებს „ამზადებს დაქირავებულთა მცირე ჯგუფი, რომლებიც არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთ ქმედებებზე“ და შედეგად გამოდის, რომ „ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული რეალური სიტუაცია კი არ არის ასახული, არამედ ეს არის თხზულება დამკვეთის მიერ მიცემულ თემაზე“.
აქედან გამომდინარე, ზახაროვა აღნიშნავს, რომ „სანამ ბიუროს დასკვნები და განცხადებები იქნება მიკერძოებული და არაობიექტური, საუკეთესო გზა მათი იგნორირებაა. საერთაშორისო დამკვირვებელთა ვალდებულებები შეიძლება ოდირის ჩართვის გარეშეც შესრულდეს“.
ასევე წაიკითხეთ:
- 26/06/2024 – ზახაროვა: რუსეთი მზადაა მხარი დაუჭიროს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის მცდელობებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)