skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი შეშფოთებულია “ქართული ოცნების” გეგმით, აკრძალოს ოპოზიცია; ბლოკის წარმომადგენელი ამბობს, რომ საპასუხოდ “ყველა ვარიანტი განიხილება”

ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სხვა ოფიციალური პირების განცხადებებით ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის გეგმასთან დაკავშირებით, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომლის შესახებაც იუწყება რიკარდ იოზვიაკი, “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი. ევროკავშირი ხაზს უსვამს აუცილებლობას, დაცული იყოს ძირეული პრინციპები დემოკრატიისა, “რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი პოლიტიკური პლურალიზმია.” ამასობაში, 27 სახელმწიფოს ბლოკი “ქართული ოცნების” სამომავლო ქმედებებზე საპასუხოდ “ყველა ვარიანტს განიხილავს.”

“ჯანსაღ დემოკრატიას მრავალფეროვნება ზრდის. ოპოზიციური პარტიები, ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობათა ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად”, – წერს იოზვიაკი ევროკავშირის პოზიციაზე. ევროკავშირი “ახლოდან მიადევნებს თვალყურს” საქართველოში 26 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

“სტაბილური და კონსოლიდირებული დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები ევროკავშირში გაწევრების პროცესის ცენტრალური ღერძია და ისინი ქმნიან ყოველწლიურ შეფასებას, რომელიც [ბლოკის] გაფართოების ანგარიშში აისახება”, – ამბობს ევროკავშირი.

ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიური ანგარიში შემოდგომას გამოქვეყნდება, თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ მეტად საკამათო, რუსული სტილის “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის მიღების, ასევე მთავრობის ანტი-დემოკრატიული რიტორიკისა და ქმედებების გამო, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეწყდა და მოსალოდნელი არ არის, რომ ანგარიშში ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ რეკომენდაციას გასცემს.

ამასობაში, ევროკავშირის საგარეო საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეს-სპიკერი პიტერ სტანო ამერიკულ გამოცემა POLITICO-სთან საუბარში აცხადებს, რომ ევროკავშირი “ყველა ვარიანტს განიხილავს,” რათა “ქართული ოცნების” ხელისუფლების სამომავლო ნაბიჯებს შესაფერისად უპასუხოს.

“[საქართველოს მთავრობის] ამჟამინდელი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრების პროცესის შეჩერებას”, – განაცხადა სტანომ POLITICO-სთან. “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებაზე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმასთან დაკავშირებით, სტანომ აღნიშნა: “ევროკომისია ახლოდან აკვირდება საქართველოში არსებულ რიტორიკასა და მოვლენათა განვითარებას, და მზადაა შესაფერისი რეაგირებისთვის. ყველა ვარიანტი განიხილება და ჩვენ შესაფერისად ვიმოქმედებთ, თუ აღნიშნული განცხადებები ამოქმედდება”.

სტანომ დაამატა, რომ მიუხედავად ამისა, ევროკავშირის წევრობის კარი საქართველოსთვის “ღია რჩება, თუ საქართველო გადაწყვეტს ევროკავშირის ფასეულობებსა და ნორმებთან თანხვედრაში დაბრუნებას და შეცვლის გასული თვეების ნეგატიურ ტენდენციებს.”

საქართველოს მმართველი პარტია მომავალი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ესწრაფვის და ამისათვის ოთხ მიზეზს ასახელებს, რომელთა შორის ოპოზიციის, ან როგორც თავად უწოდებენ, “კოლექტიური ნაცმოძრაობის” ( “ქართული ოცნების ჟარგონი, რომელიც ყველა ოპოზიციურ პარტიას მოიაზრებს) აკრძალვა ცენტრალური ღერძია. “ქართული ოცნება” მათ ნათლავს “კრიმინალურ პოლიტიკურ ძალებად,” რომელთაც 2008 წლის აგვისტოს ომში ადანაშაულებს და პირობას დებს, რომ არჩევნების შემდეგ ნიურნბერგის სტილის კრიმინალურ პროცესს დააინიცირებს, რასაც საბოლოოდ ოპოზიციური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადება მოჰყვება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button