skip to content
ახალი ამბები

ერგნეთში IPRM-ის 120-ე შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში 23 ივლისს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში 120-ე შეხვედრა გაიმართა, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანის თანათავმჯდომარეობით.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესრელიზის თანახმად, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები, კერძოდ, ‘ბორდერიზაციის’ ქმედებები, როგორც მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, ასევე უსაფრთხოების ვითარება ადგილზე.

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ გამოხატეს მათი შეშფოთება დაკავებების განგრძობად პრაქტიკასთან დაკავშირებით და ყველა დაკავებულის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს,” ნათქვამია პრესრელიზში. გარდა ამისა, შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა გაიმეორეს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მიმართული მათი მოწოდება. შეხვედრისას მონაწილეებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელობა ზუსტი ინფორმაციის დროული გაცვლის ხელშესაწყობად.

თანათავმჯდომარეები ასევე მიესალმნენ კონსტრუქციულ თანამშრომლობას სარწყავი წყლის გაზიარებასთან დაკავშირებით და აღნიშნული მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი განსაკუთრებით ზაფხულის მშრალ თვეებში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

სუსის თანახმად, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული “ყველა მნიშვნელოვანი” ინციდენტი, რომელიც IPRM-ის წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა.

სუსმა ასევე თქვა, რომ შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა “პრინციპულად დააყენეს” უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი და “მკაცრად დაგმეს” ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევები.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული ჰუმანიტარული პრობლემები და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობები.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ IPRM-ს შემდეგი შეხვედრა 2024 წლის 12 სექტემბერს გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button