skip to content
ახალი ამბები

დარჩიაშვილს ნატოს სამიტზე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გადახედვისკენ მოუწოდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 9-11 ივლისს ვაშინგტონში ნატოს 75-ე საიუბილეო სამიტს ესწრება.10 ივლისს მან მონაწილეობა მიიღო პარტნიორი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში და ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები.

ვაშინგტონის სამიტი მნიშვნელოვანი უკუსვლაა ნატოში საქართველოს ამბიციებისთვის, რადგან მისი წევრობის პერსპექტივა გამოტოვებულია საბოლოო დეკლარაციაში. ორმხრივ შეხვედრებზე საგარეო საქმეთა მინისტრს ღიად შეახსენეს მისი მთავრობის პოლიტიკის თაობაზე, რომელიც ალიანსისკენ პროგრესს აფერხებს.

შეხვედრა ნატოს სპეციალურ წარმომადგენელთან

9 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „სამიტზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის წარმატებული პროცესის კიდევ ერთი დადასტურებაა“. ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ასპირანტი საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის სანდო პარტნიორი და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით“. „მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა ერთობლივი მიზნების მისაღწევად“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში.

შეხვედრის შემდეგ, დარჩიაშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მას ხავიერ კოლომინასთან „ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა“ ჰქონდა.

„კარგი შეხვედრის“ შესახებ ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმაც დაწერა „ტვიტერზე“ და განაცხადა, რომ მათ განიხილეს ნატო-საქართველოს პარტნიორობის ამჟამინდელი მდგომარეობა, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის 10 წლის იუბილე და რეგიონული მოვლენები. თუმცა, თავის ცოტა ხნის წინანდელ პოსტში, კოლომინამ მოუწოდა ხელისუფლებას შეეცვალა კურსი „უცხოელი აგენტების“ კანონთან დაკავშირებით, რომელიც მან დაახასიათა, როგორც „ნაბიჯი არასწორი მიმართულებით“.

შეხვედრა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან

10 ივლისს ილია დარჩიაშვილი ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს, აჯა ლაბიბს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს ნატო – საქართველოს თანამშრომლობისა და ალიანსში ქვეყნის ინტეგრაციის ძირითად ასპექტებზე. „აღინიშნა, რომ საქართველო არის ალიანსის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი რეგიონში და მისი მონაწილეობა ვაშინგტონის სამიტზე ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, – ნათქვამია პრესრელიზში.  

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მან დარჩიაშვილს უცხოელი აგენტების შესახებ კანონის „გადახედვისკენ“ მოუწოდა, ვინაიდან ის „ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ამაზე საუბარი არ არის.

შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ჯონ ბასთან

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ასევე ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში ჯონ ბასს, რომელიც ადრე საქართველოში აშშ-ის ელჩად მსახურობდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ძალიან საინტერესო აზრთა გაცვლა“ შედგა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა „საერთო ღირებულებებს იზიარებს“. მისი თქმით, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება „ევროატლანტიკური მომავლის მიმართ“.

ჯონ ბასმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს „ქართველი ხალხის უფლებას თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი“, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. მან დასძინა: „საქართველოს ევროპული მომავალი დამოკიდებულია ხალხის უნარზე, ილაპარაკონ თავისუფლად, შეიკრიბონ მშვიდობიანად და აირჩიონ თავიანთი ლიდერები“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button