skip to content
ახალი ამბები

ALDE „ქართული ოცნების“ მიმართ სანქციების დაწესებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE) 22 ივნისს, ვილნიუსში პარტიის საბჭოს სხდომაზე საქართველოს შესახებ გადაუდებელი რეზოლუცია მიიღო, სადაც „გმობს ავტორიტარულ და ანტიევროპული შემობრუნებას საქართველოში“. რეზოლუცია აღიარებს ქართველი ხალხის ნებას შეუერთდეს ევროკავშირს და მოუწოდებს ევროკავშირსა და ევროპულ ქვეყნებს, „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და ოფიციალურ პირებს, „რუსული კანონის“ ინიციატორებს, ასევე მშვიდობიანი აქტივისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილე სამართალდამცველებს სამგზავრო აკრძალვები და ფინანსური სანქციები დაუწესონ.

რეზოლუცია აღიარებს, რომ მაშინ, როცა ქართველი ხალხი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, „რუსული კანონის“ და ახალი საგადასახადო კანონმდებლობის მიღებას „საქართველო ანტილიბერალური და ანტიევროპული მიმართულებით მიყავს, რაც ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“.

რეზოლუცია აღნიშნნავს, რომ უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა და სახელმწიფოებმა დაგმეს „რუსული კანონის“ მიღება და ძალადობა მომიტინგეების, ოპოზიციისა და თავისუფალი პრესის წინააღმდეგ, და სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ „ვენეციის კომისიის კატეგორიული რეკომენდაციები „რუსული კანონის“ გაუქმების შესახებ უგულებელყოფილი იქნა“. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „რუსული კანონი“ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო მუშაობის წინააღმდეგაა მიმართული, რათა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ადგილობრივი დამკვირვებლების მუშაობა შეიზღუდოს.

რეზოლუცია წუხს „საქართველოში მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ მუქარისა და ძალადობის“ ფაქტების, ასევე „საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპული და ანტიუკრაინული პროპაგანდის“ გამო.

ALDE ასევე მოუწოდებს ევროკავშირსა და ევროპის ქვეყნებს პერსონალური სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრებს.

რეზოლუცია მიმართავს ევროკავშირის ლიდერებს, „დისტანცირება მოახდინონ „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან, რათა თავიდან აიცილონ მმართველი პარტიის მხრიდან პროპაგანდისტული მანიპულირება. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, მკაფიოდ განსაზღვრონ, რა შედეგები მოყვება ამას საქართველოს გაწევრიანების, უვიზო მიმოსვლისა და ევროკავშირის სხვა შეღავათების თვალსაზრისით.

ALDE ასევე მოუწოდებს ევროკავშირს და ევროპულ ქვეყნებს „გაზარდონ მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ“ და გააძლიერონ არჩევნების მონიტორინგი საქართველოში.

22 ივნისს სხდომაზე ALDE-ს მხარდაჭერის შედეგად ოპოზიციური პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“ პარტიის სრულუფლებიანი წევრი გახდა. კიდევ ერთი ქართული ოპოზიციური პარტია „დროა“ კი პარტიის აფილირებული წევრი გახდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button