ახალი ამბები

ALDE-ს მანიფესტი: ჩვენი ამბიციაა, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა გაწევრიანების კრიტერიუმები 2029 წლისთვის დააკმაყოფილონ

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE), რომელიც 70-ზე მეტ წევრ პარტიას აერთიანებს, 21 მარტს ბრიუსელში გამართულ რიგგარეშე ყრილობაზე ALDE-ს 2024 წლის მანიფესტი მიიღო, რომლის მიზანია უზრუნველყოს, რომ საქართველო და სხვა კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს 2029 წლისთვის დააკმაყოფილებენ.

ALDE-ს წევრი ქართული ოპოზიციური პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „გირჩი-მეტი თავისუფლების“, ALDE-ს წევრი კიდევ ერთი ქართული ოპოზიციური პარტიის „სტრატეგია აღმაშენებლის“ და უკრაინელი დელეგატების ინიციატივით, ALDE-ს მანიფესტში შევიდა პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ „ALDE-ს აქვს ამბიცია, უზრუნველყოს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა 2029 წლისთვის დააკმაყოფილებენ გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს“.

მანიფესტში ნათქვამია, რომ ALDE იბრძვის ევროკავშირის გაფართოებისთვის, როგორც რეფორმებისა და უსაფრთხოების ინსტრუმენტისთვის. „[ჩვენ] ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ღია კარის პოლიტიკისადმი ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც ასრულებენ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს და ვრწმუნდებით იმაში, რომ ევროკავშირი ძლიერ სიგნალს აგზავნის იმასთან დაკავშირებით, რომ კრიტერიუმების და დასახული ამოცანების შესრულებას ხელშესახები შედეგები მოაქვს“.

ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ჰოლანდიის წარმომადგენლებმა მანიფესტში ჩაწერეს, რომ გაწევრიანებისთვის, კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარდა, აუცილებელია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა თანხვედრაში იყოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.

ALDE-ს წევრები საქართველოდან არიან „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „ლელო საქართველოსთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკური პარტია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button