skip to content
ახალი ამბები

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ‘ცინცაბაძის ჯგუფის’ საქმეთა შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებს ეხმიანება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 18 ივნისს განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, საქმის მასალებისა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, ,,ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებთან დაკავშირებით დადგენილებები გამოიტანა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, გააგრძელოს „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის გამოძიება და ამასთან, არ განაახლოს „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის გამოძიება.

სპეციალური საგამოძიები სამსახური აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით, 2023 წლის 16 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის (წამება) დარღვევას, როგორც არსებით, ასევე პროცედურულ ნაწილში მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, რომლის ზოგიერთი ეპიზოდი გაუტოლდა წამებას. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა, ოჩიგავას საქმეზე, გლდანის ციხის შვიდი თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პატიმართა, მათ შორის მომჩივნის მიმართ სისტემატური არასათანადო მოპყრობისთვის დამნაშავედ ცნეს, რასაც ადგილი ჰქონდა 2011-2012 წლებში, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კვლავაც სახეზე იყო წამების ეპიზოდები, რომლებზედაც არ იყო დასრულებული გამოძიება. შესაბამისად, სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, აკაკი ოჩიგავას მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144³-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიების ჩატარება/გაგრძელება, მიზანშეწონილად მიიჩნია.

რაც შეეხება საქმეს „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2023 წლის 19 იანვარს გამოიტანა და დაადგინა, რომ სახელმწიფოს მიერ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი ნაწილის დარღვევას. საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, სახელმწიფოს მხრიდან დარღვევა დაფიქსირდა მხოლოდ კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ ნაწილში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ მან მიზანშეწონილად ჩათვალა, ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულების საუკეთესო გზის მოსაძებნად  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებს დალოდებოდა და მხოლოდ მას შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება გამოძიების განახლების თაობაზე.

2024 წლის მარტში, მინისტრთა კომიტეტმა გამოსცა რეკომენდაცია „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ აკეთებს დათქმას, რომ საგამოძიებო ორგანომ განიხილოს აღნიშნული საქმე და იმსჯელოს, რამდენად მიზანშეწონილია გამოძიების განახლება. ამ რეკომენდაციის შემდეგ, სამსახურმა 2020 წლის იანვარში დახურული საქმე შეისწავლა. სამსახურმა განაცხადა, რომ გამოძიების განახლება არ იყო საჭირო, რადგან თავდაპირველი გამოძიება იყო „სრულყოფილი“, მათ შორის განხორციელდა სწრაფი ქმედებები, მტკიცებულებების შეგროვება და გამოკითხვა. ევროპულმა სასამართლომ აღიარა ეს ძალისხმევა, მაგრამ ასევე პროცესუალური ხარვეზებზე მიუთითა, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის ჩართვა თავდაპირველ გამოძიებაში და სპეცრაზმის წევრების დაგვიანებული გამოკითხვა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თქმით, პოზიციების შეთანხმების რისკი ჰიპოთეტურად მაინც იარსებებდა იმ პირობებში, როდესაც ისინი ერთ უწყებაში მუშაობენ და ნაცნობობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ. შესაბამისად, გამოძიების ის მიზნები, რომლებიც დაკავშირებული იყო სპეცრაზმელთა გამოკითხვასთან და მომხდარის ირგვლივ მათგან დეტალური ინფორმაციის მიღებასთან,  შესრულებულია. „ამდენად, გამოძიების განახლება ამ საკითხთან დაკავშირებით არის მოკლებული გონივრულ საფუძვლებს და მიზანშეუწონელია“.

2017 წლის 26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილთა დასაკავებლად პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც, ხეობის მკვიდრი, 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. ის 2018 წლის 10 იანვარს, თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავდა, რომ ის სპეცოპერაციის დროს, წინააღმდეგობის გაწევის დროს, ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა, რასაც სუს-ის მხრიდან „პროპორციული ძალის“ გამოყენება მოჰყვა.  მაჩალიკაშვილის ოჯახი ამ ვერსიას უარყოფს და აცხადებს, რომ მას ეძინა, როდესაც სუს-ის თანამშრომლები ოთახში შევიდნენ და ცეცხლი გახსნეს.

„როგორც მაჩალიკაშვილის, ასევე ოჩიგავას საქმეებთან დაკავშირებით სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გაეგზავნება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და განმცხადებლებს“, – აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button