skip to content
ახალი ამბები

მედვედევი დასავლეთს რუსეთის მეზობლებზე, მათ შორის საქართველოზე კონტროლის მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებს

14 ივნისს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ „უნდა ვაღიაროთ, რომ ნეოკოლონიალიზმი დიდი ხანია მიუახლოვდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებსაც“. მისი თქმით, დასავლელ „ნეოკოლონიალისტებს“ „არ სურთ პატივი სცენ სხვა სახელმწიფოების ყველასთვის ცნობილ სტრატეგიულ საზღვრებს“ და ცდილობენ „კონტროლის მოპოვებას“ რუსეთის მეზობლებზე, მათ შორის საქართველოზე.

მედვედევის თქმით, ეს ძალისხმევა გამოიხატა „ფერადი რევოლუციების“ გაღვივებაში საქართველოსა და უკრაინაში, როდესაც თბილისსა და კიევში ხელისუფლებაში მოვიდნენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი მ.სააკაშვილისა და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკის ქმრის ვ.იუშჩენკოს მარიონეტული რეჟიმები“.

ამ კონტექსტში, მან 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტის რანგში განხორციელებული ქმედებები გაამართლა და საქართველო ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ხალხების წინააღმდეგ „აგრესიის გაჩაღებაში“ დაადანაშაულა, „რასაც რუსეთის მყისიერი და მკაცრი პასუხი მოჰყვა“.

სტატიაში მედევედევი ასევე ადანაშაულებს „ნეომეტროპოლიებს“, რომელთაც ახლა თვალი პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებზე, კერძოდ სომხეთზე უჭირავთ. სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზე საუბრისას, მედვედევმა განაცხადა, რომ „არავინ აპირებს სომეხი ხალხისთვის „რჩეულთა კლუბის“ კარების გაღებას – ჰკითხეთ ნეობანდეროველებს [უკრაინელების დამამცირებელი სახელი], მოახერხეს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება. არა და უახლოეს მომავალშიც ვერ მოახერხებენ. და საერთოდ მოახერხებენ თუ არა ოდესმე? შეხედონ საქართველოს, სადაც ცოტა ხნის წინ დამტკიცდა კანონი, რომელიც აშშ-ს და ევროკავშირს არ მოეწონათ. და რა? რა და სანქციები!“

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button