skip to content
ახალი ამბები

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 102 წელი გავიდა

საბჭოთა წითელი არმიის მიერ საქართველოს დედაქალაქის აღებისა და საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 102 წლისთავთან დაკავშირებით 25 თებერვალს, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს შემოიჭრა, რასაც 25 თებერვალს დედაქალაქის დაცემა და საბოლოოდ ქვეყნის 70-წლიანი ოკუპაცია მოჰყვა.

ოკუპაციასა და ანექსიას მოსკოვის მიერ 9 თვით ადრე, 1920 წლის მაისში საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარება უძღვოდა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა.

საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში ოფიციალურად მას შემდეგ აღინიშნება, რაც 2010 წელს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომლითაც მთავრობას კომუნისტური საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების ასიათასობით მსხვერპლის მოსახსენიებლად, ყოველ 25 თებერვალს სხვადასხვა მემორიალური ღონისძიების ორგანიზება დაევალა.

ქვეყნის პირველი პირების გამოხმაურება

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 102 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და თავდაცვის მინისტრ, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, კოჯორს ესტუმრა და იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მანამდე, ოკუპაციის დღეს პრემიერი Facebook-ზე განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც არც ოკუპაცია ახსენა და არც რუსეთი. მან 1921 წლის 25 თებერვალს „ჩვენი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული მოვლენა“ უწოდა, რომელმაც „მრავალი ჩვენი თანამემამულის – ახალგაზრდა იუნკრების, შეიარაღებული ძალების მებრძოლებისა და მოხალისეების, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ათწლეულით შეცვალა ქვეყნის განვითარება“.

„დღესაც, სწორედ ისტორიული სიმართლე და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მაგალითი მიგვიძღვის წინ ახალი გამარჯვებებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერებისკენ“, – თქვა პრემიერმა.

„102 წლის წინ, ამ ადგილებში, ისევე როგორც სხვაგან საქართველოში მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლები საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების დასაცავად“, – თქვა თავის მხრივ შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ „სამწუხაროდ მაშინ საერთაშორისოს საზოგადოებამ თვალი დახუჭა საბჭოთა რუსეთის მიერ სხვა ერების დაპყრობის მცდელობებზე და დაპყრობის შედეგებზე. გავიდა წლები, საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცა დღესაც ეს ოკუპაცია მიმდინარეობს“.

„ჩვენი თაობის ვალია, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ვიმოქმედოთ ისე, რომ ოკუპაცია დასრულდეს, საქართველო გაერთიანდეს და ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ათონელის საპრეზიდენტო სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშის დაშვების შესახებ მოკლე განცხადებით გამოეხმაურა ოკუპაციის დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მოგვიანებით, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, დავით თევზაძემ.

წყარო: პრეზიდენტის ადმინისტრცია

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button