ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილს თინა ბოკუჩავა შეცვლის

ოპოზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოქმედმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 8 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს და მომავალ ყრილობაზე თავის შემცვლელად ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის თინა ბოკუჩავას კანდიდატურას დაასახელებს.

ხაბეიშვილმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემები და ექიმების „მკაცრი რეკომენდაცია“ დაასახელა, რომ „2-3 თვის განმავლობაში“ თავი შეიკავოს „რეჟიმში მუშაობისგან“. ამ კონტექსტში მან პოლიციის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ 30 აპრილი – 1 მაისის საპროტესტო აქციაზე მისი სასტიკი ცემა გაიხსენა. „იცის საზოგადოებამ, ერთი თვის წინ  განვითარებული მოვლენები“, – განაცხადა მან.

ხაბეიშვილი ნაციონალური მოძრაობის ყრილობის მოწვევას გეგმავს, რომელიც, ახალი ლიდერის საკითხის გარდა, გადაწყვეტს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობაზე მისი კანდიდატურის საკითხს. მისი თქმით, ეს არ არის „რუტინული“ სამუშაო, და იგი ყოველდღიურ პოლიტიკურ საქმიანობაში იქნება ჩართული. ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის ხელმძღვანელობის არჩევნები დაგეგმილის შესაბამისად 2025 წლის თებერვალში გაიმართება.

„დღეს არ ვისაუბრებ ვრცლად ჩემს ხედვებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევდივართ არჩევნებში და როგორ ვიგებთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ არჩევნებს. ამის შესაძლებლობა, როგორც ლევანმა განმარტა, ჩვენ გვექნება უახლოეს მომავალში, თუმცა, ვიტყვი ერთს: ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი…“, – განაცხადა ბოკუჩავამ და ოპოზიციას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

ლევან ხაბეიშვილმა 2023 წლის იანვრის პარტიულ არჩევნებზე მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია დაამარცხა და ნაციონალური მოძრაობის ახალი ლიდერი გახდა. გამარჯვებულმა 52,58% (21,656 ხმა) მიიღო, მელიამ კი 40% (16,476 ხმა).

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ნიკა მელიამ, ნაციონალური მოძრაობის მაშინდელმა ლიდერმა, ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები – ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი „მანკიერი, ჩეკისტური მეთოდების“ გამოყენებით პარტიაზე არაფორმალური მმართველობის მოპოვების მცდელობებში დაადანაშაულა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button