skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის მოხსენება საგარეო პოლიტიკაში, თავდაცვაში, ეკონომიკასა და მმართველობაში მიღწეულ პროგრესზე ამახვილებს ყურადღებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში 28 ივნისს წარსადგენ მოხსენებაში 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე სამთავრობო პროგრამის შესასრულებლად მთავრობის ძალისხმევას აღწერს. მოხსენებაში პრემიერ-მინისტრი რიგ საკითხებს მიმოიხილავს, მათ შორის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას; კონფლიქტების მოგვარებასა და ადამიანის უფლებებს; ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას; ადამიანურ კაპიტალსა და სახელმწიფო მმართველობას.

საგარეო პოლიტიკა

ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაშიც დიდი როლი ითამაშა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის ფარგლებში კონკრეტული რეფორმების გასატარებლად საქართველოს მიერ გაწეულმა ძალისხმევამ.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ უმნიშვნელოვანესი ძალისხმევა გასწია როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების კუთხით. კერძოდ, მიღებულ იქნა 25-მდე ახალი საკანონმდებლო აქტი და განხორციელდა ინსტიტუციური ცვლილებები კანონმდებლობის აღსრულების კუთხით ევრორეგულაციების და ევროდირექტივების შესაბამისად. „შედეგად, ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით, საქართველომ ვალდებულებების დაახლოებით 55% განახორციელა“, – ნათქვამია მოხსენებაში.

რაც შეეხება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ადგილზე არსებულ ვითარებას, დოკუმენტი ხაზს უსვამს მთავრობის მუშაობას, რათა უზრუნველყოს, რომ ეს თემა საერთაშორისო დღის წესრიგში კვლავაც აქტუალური იყოს. „მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების, რისკების ნიველირებისა და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის მიმართულებით. ამ კონტექსტში გრძელდებოდა აქტიური თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებსა და სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფოებთან“, – ნათქვამია მოხსენებაში.

რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, დოკუმენტში აღწერილია ორმხრივი ვიზიტები და აღნიშნულია, რომ საქართველოსა და ალიანსს შორის ურთიერთობა აქტიური იყო.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „საანგარიშო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, გრძელდებოდა თანამშრომლობა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საგარეო ურთიერთობების სხვადასხვა საკითხზე“. დოკუმენტში ნახსენებია შეერთებული შტატების მიერ მიღებული არაერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

რაც შეეხება საქართველოს უშუალო მეზობლებს, მოხსენებაში ნათქვამია, რომ თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი რჩებიან საქართველოს „ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორებად“. „სამმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის რჩება მნიშვნელოვან რეგიონულ ფორმატად, რომლის ფარგლებშიც საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა შეხვედრები სხვადასხვა უწყებას შორის“.

დოკუმენტში ნათქვამია: „რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო განუხრელად ემხრობოდა და ახორციელებდა დაბალანსებულ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო რეგიონში სტაბილურობის აღდგენისა და ხანგრძლივვადიანი მშვიდობის მიღწევისაკენ“.

მოხსენებაში ასევე ნახსენებია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობა და ნათქვამია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების შემდეგ, ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, განათლებისა და ხალხთა შორის კავშირების სფეროებში საგრძნობლად გააქტიურდა.

რაც შეეხება იაპონიასთან ურთიერთობას, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადებისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა იაპონიის ინტერესი საქართველოს მიმართ. „სხვა ტრადიციულ თანამშრომლობასთან ერთად, იაპონური მხარე აქტიურად დაინტერესდა საქართველოში საინვესტიციო პოტენციალით და ორმხრივი ვაჭრობის გაზრდის შესაძლებლობებით, აგრეთვე მსხვილმასშტაბიან პროექტებში მონაწილეობით“, – ნათქვამია მოხსენებაში.

დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოს ურთიერთობაზე პაკისტანთან, ინდოეთთან, აფრიკისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან, ასევე ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან და ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებთან.

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს სტუმრობდნენ გვატემალის, კუბის, პერუს, ელ სალვადორის, დომინიკის თანამეგობრობისა და ჰონდურასის არარეზიდენტი ელჩები. „რეგიონის ქვეყნებთან ხელი მოეწერა ოთხ შეთანხმებას და უვიზო მიმოსვლის შესახებ ორი შეთანხმება ძალაში შევიდა“. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს“.

აღსანიშნავია, რომ 171-გვერდიან დოკუმენტში უკრაინა მხოლოდ სამჯერ არის ნახსენები, შესაბამისად ორმხრივი ურთიერთობების შესახებ არსებითი ინფორმაცია არ არის მოწოდებული.

ეროვნული უსაფრთხოება და თავდაცვა

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, უწყებათაშორის სამუშაო ფორმატში შემუშავდა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საბოლოო სამუშაო ვერსია. „უსაფრთხოების გარემოს დინამიკურობის გათვალისწინებით, რეგულარულად ხდება დოკუმენტის არსებულ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანა“.

საფრთხეების შეფასების დოკუმენტთან დაკავშირებით მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის კოორდინაციით დასრულდა დოკუმენტის განახლების პროცესი და საბოლოო პროექტი წარედგინა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებულ, ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელ მუდმივმოქმედ უწყებათაშორის კომისიას.

რაც შეეხება ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობებს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერების, სამხედრო მრეწველობის განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის განმტკიცების მიმართულებით“.

ეკონომიკა

მოხსენებაში ნათქვამია, რომ „პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანი საგარეო გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მდგრადობა და ევროპისა და ფართო რეგიონის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის  ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჩვენა“.

2023 წელს მაღალ ეკონომიკურ ზრდას უმთავრესად ხელი შეუწყო საინვესტიციო აქტივობის ზრდამ, რეალური ინვესტიციები 23%-ით გაიზარდა, ნათქვამია მოხენებაში, რომლის თანახმადაც, 2023 წელს დასაქმების ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება დაფიქსირდა.

დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.8% შეადგინა.  

დოკუმენტი ისეთ ეკონომიკურ თემებს განიხილავს, როგორიცაა დასაქმება, სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, ეკონომიკური შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენება და სატრანზიტო ჰაბის პოტენციალის გამოყენება, ენერგეტიკული განვითარება და ენერგეტიკული უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის ხელშეწყობა, საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმის განვითარება, ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონული განვითარება, სოფლებისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, გარემოს დაცვა.

სოციალური განვითარება და ადამიანური კაპიტალი

სხვა მიღწევებთან ერთად, მთავრობა იმითაც ამაყობს, რომ უწყვეტად ხორციელდება მიზნობრივი ჯგუფების ასაკობრივი პენსიით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), მარჩენალდაკარგულთა, რეპრესირებულთა, დევნილთა, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა, ომის ვეტერანთა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ პირთა და სხვა კატეგორიათა ფულადი დახმარებებით უზრუნველყოფა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „კულტურის სტრატეგია 2025-ის“ შესაბამისად, კულტურის სამინისტრო სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში აგრძელებს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობას ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, კინოს, სახვითი ხელოვნების, ფოლკლორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურის ინფრასტრუქტურის განვითარების, ეროვნული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის, კულტურის ხელმისაწვდომობისა და სახელოვნებო განათლების განვითარების მიმართულებით.

სახელმწიფო მმართველობა

ეს თავი, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზს უსვამს ძალისხმევას პოლიტიკის შემუშავებისა და კოორდინაციის გასაძლიერებლად. მთავრობა აცხადებს, რომ განვითარების პარტნიორების მხარდაჭერით, საანგარიშო პერიოდში „გაგრძელდა ინტენსიური ღონისძიებები“ საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების უწყვეტად გაძლიერების კუთხით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საჯარო სამსახურის განვითარების მიმართულებით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავდა საჯარო სამსახურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო ვერსია, რომელიც ხაზს უსვამს, საჯარო მმართველობის კონტექსტში, საჯარო სამსახურის განვითარებისა და ძლიერი, ანგარიშვალდებული, ქმედითი საჯარო დაწესებულებების არსებობის მნიშვნელობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button