დაკავებული და დაჯარიმებული მომიტინგეებისთვის აქცია-კონცერტზე 348 000 ლარი შეგროვდა
2 ივნისს გამართულ აქცია-კონცერტზე, რომელიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის, ასევე მოქალაქეთა წინააღმდეგ დაშინებისა და ტერორის კამპანიის წინააღმდეგ გაიმართა და რომლის მიზანიც აქციებზე დაკავებულთა და გასამართლებულ პირთა მხარდასაჭერად და მათზე დაკისრებული ჯარიმების გადასახდელად შემოწირულობების შეგროვება იყო, 3 ივნისის 14:00 საათის მდგომარეობით 348 000 ლარი შეგროვდა. ამის თაობაზე ღონისძიების ორგანიზატორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ იტყობინება. შემოწირულობების შეგროვება გრძელდება.
აქცია-კონცერტი „მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა და მასში 30-მდე ცნობილი ქართული ბენდი და მომღერალი მონაწილეობდა. კონცერტი 21:00 საათზე დაიწყო და რამდენიმე საათი გაგრძელდა. კონცერტი წამყვანმა ოპოზიციურმა ტელეარხებმა აჩვენეს და მთელი კონცერტის განმავლობაში ეკრანზე საბანკო რეკვიზიტებიც იყო მითითებული.
ათობით დემონსტრანტი, რომლებიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობდა, სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააჯარიმეს, მათ შორის წვრილმანი ხულიგნობისთვის, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აქციის დროს ძალადობისა და ქუჩის უკანონო გადაკეტვისთვის. მათ 500 – 5000 ლარის ოდენობის ჯარიმები დაეკისრათ. დაპატიმრებები და ჯარიმები იმის მაჩვენებელია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეები პოლიტიკური ოპონენტების და ქართული ოცნების ხელისუფლების კრიტიკოსების დასაშინებლად გამოიყენება.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)