FT: ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა ‘აგენტების’ კანონის გამო საქართველოსთვის შეზღუდავ ზომებს ითხოვს
22 მაისს, Financial Times ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 27 მაისს გაიმართება, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების საკითხის განხილვას, მათ შორის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მომხრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების მიღებას მოითხოვს. ამგვარი ნაბიჯი კანონზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგობრივი პოზიციის საპასუხო ქმედებაა.
Financial Times აღნიშნავს, რომ ევროკავშირის დიპლომატების თქმით, შემზღუდავი ზომები მოიცავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, ასევე საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ მიზანმიმართულ სანქციებს და ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. გარდა ამისა, Financial Times ხაზს უსვამს, რომ ევროპული დედაქალაქები განიხილავენ „საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის სხვადასხვა ზომებს“, იტყობინებიან საქმეში ჩახედული ოფიციალური პირები.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი სავარაუდოდ უფრო ნელა იმოქმედებს, ვიდრე ვაშინგტონი, რადგან ზოგიერთი ქვეყანა შიშობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებამ შესაძლოა უკურეაქცია გამოიწვიოს იმ ფონზე, როდესაც ბოლო კვირების განმავლობაში ევროკავშირის დროშებით შემოსილი ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩებში კანონის გასაპროტესტებლად.
„ფრთხილად უნდა იყო, რომ არასწორი ადამიანები არ ამოიღო მიზანში“, – უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა დიპლომატმა ევროკავშირიდან.
FT ასევე წერს, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გააჭიანუროს ევროკავშირის მიერ ნებისმიერი სანქციის დაკისრება, ვინაიდან შესაბამისი გადაწყვეტილება ბლოკის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ, ერთხმად მიიღება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბუდაპეშტმა მიიღო მსგავსი კანონი და „შექმნა სპეციალურ სააგენტო, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებულ უცხოურ დაფინანსებას ზედმიწევნით შეისწავლის“.
განახლება: სტატიას საქართველოში ნიდერლანდების საელჩო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენლების განცხადებებს“.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/05/2024 – პიტერ ფიშერი: ‘აგენტების’ კანონის მიღების შემთხვევაში, გერმანია საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას ხმას არ მისცემს
- 21/05/2024 – ვენეციის კომისია ქართულ ოცნებას „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გაუქმებას„მტკიცედ ურჩევს“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)